საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის სამი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის სამი ფაქტი გამოავლინეს და ერთი პირი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აჭარის, ქვემო ქართლის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირების სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების დიდი ოდენობით - 2 723 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და ე.წ. ელექტრო სიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი 500 კოლოფი „HEETS“-ის ფირმის თამბაქოს ნაწარმი. ამოღებული უაქციზო საქონლის საერთო საბაზრო ღირებულება 10 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.