თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც თბილისის მერიამ 2019 წელს ქალაქში უნდა განახორციელოს, საკმაოდ ამბიციურია და ყველა პროექტი ხარისხიანად ჩატარდება, რისთვისაც 400 მილიონ ლარამდე თანხაა გამოყოფილი.
როგორც კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, თბილისში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორცილდება, მათ შორის, მერია გეგმავს გორგასლის ქუჩის საფეხმავლო გზად გადაკეთებას. მისი თქმით, საავტომობილო გზა, რომელიც გორგასლის ქუჩაზე გადის, მერია გეგმავს, რომ მიწის ქვემოთ ჩაიტანოს, ზემოთ კი მთლიანად მწვანე სივრცის შექმნაა დაგეგმილი.
კალაძის თქმით, ამ ნაწილში მწვანე სივრცის მოწყობა იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ქალაქის ეკოლოგიის გაუმჯობესების თვალსაზრისით.
„გუშინ ჩვენ გვქონდა პრეზენტაცია, სადაც საზოგადოებას წარვუდგინეთ ის პროექტები, რომლის განხორციელებას 2019 წელს ვგეგმავთ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, გუშინ წარმოდგენილი პროექტები იყო მხოლოდ და მხოლოდ ის მსხვილი პროექტები, რომელსაც დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს. სხვა მცირე და საშუალო ზომის პროექტებს განახორციელებენ დედაქალაქის გამგეობები. საერთო ჯამში, ყველა რაიონს აქვს მასშტაბური პროექტები, რაც ჩვენს ქალაქს აუცილებლად დაეტყობა იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ბევრი ქუჩა მოწესრიგდება, ბევრი ახალი სკვერი გაკეთდება და ა.შ. ამ პროექტების განხორციელებაში დაიხარჯება 400 მილიონ ლარზე მეტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტებს თუ გადავხედავთ, ძირითადი სამუშაოები წელს სრულდება, თუმცა გვაქვს ისეთი პროექტები, რაც 2 წლის განმავლობაში დასრულდება, ანუ 2020 წლისთვის დასრულებული იქნება. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია და რასაც მოსახლეობას ვპირდებით, არის ის, რომ სამუშაოები ხარისხიანად ჩატარდება, რათა გაუძლოს დროს. ეს მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია. სადაც შევდივართ, ყველგან გვინდა, რომ ფუნდამენტური ცვლილებები განვახორციელოთ, დაწყებული მიწისქვეშა კომუნიკაციებით, განათებებით დასრულებული. რაც შეეხება ამ პროექტებს, ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი კაპიტალური ინვესტირება მუნიციპალიტეტის მიერ თბილისის ეკონომიკაში, რომელიც ბიძგს მისცემს ქალაქის ეკონომიკური განვითარებას იმ თვალსაზრისით, რომ გაიზრდება უძრავი ქონების ღირებულება და მოსახლეობის შემოსავალი, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.