მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, უახლოეს მომავალში, დედაქალაქში ბიზნეს აქსელერატორი ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძემ ევროკავშირს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტის მიზანი დამწყები ბიზნესმენების შესაძლებლობების გაზრდა და ინოვაციური ბიზნესიდეების განხორციელება, ასევე, დასაქმების ხელშეწყობაა.
„ბიზნეს აქსელერატორის სამუშაო სივრცე ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი. ეს იქნება ერთგვარი ჰაბი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ბიზნეს იდეები გააჩნიათ, თუმცა არ აქვთ წვდომა იმ რესურსებთან, რომელთა დახმარებითაც, შეიძლება მათი იდეები ბიზნესგეგმად გარდაიქმნას. ძალიან ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული, საკმაოდ საინტერესო იდეები აქვთ, რომელთაც ამ პროექტის საშუალებით, მათ განხორციელებაში დავეხმარებით. გვაქვს კომუნიკაცია ბიზნესთან, რომელიც პროცესში აქტიურად არის ჩართული და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, ამ საინტერესო იდეების განხორციელებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, პროექტის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, ბიზნესგეგმის მომზადების პროცესში, სპეციალისტებისგან კონსულტაცია მიიღონ, რაც ფინანსისტის, მარკეტინგის სპეციალისტის, ანალიტიკოსის კონსულტაციებს ითვალისწინებს.
პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდება.