„დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, მაგრამ ამ რეფორმას, მერწმუნეთ, ალტერნატივა არ გააჩნია და სპეკულაციები არასწორი იქნება"

ეკონომიკური პოლიტიკისა და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი კოვზანაძეს ესაუბრა.

- ბატონო ირაკლი, გასული წელი პოლიტიკური თვალსაზრისით, საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. როგორც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან მოვისმინეთ, საპრეზიდენტო არჩევნებმა ხელისუფლებას ბევრი მიმართულებით ცვლილებების აუცილებლობა დაანახა.

არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მოსახლეობაში შეინიშნება, ერთი მხრივ, ნიჰილისტური და, მეორე მხრივ, პესიმისტური დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართ. დადებითია ის ფაქტი, რომ პოლიტიკოსები, მათ შორის, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, ღიად ალაპარაკდნენ შეცდომებზე.

საინტერესოა თქვენი შეფასება, თუ რამ განაპირობა მოსახლეობის პესიმისტური დამოკიდებულება და რა არის ის შეცდომები, რამაც ხალხში მმართველი გუნდის მიმართ უნდობლობას ხელი შეუწყო? აქვე გკითხავთ სამომავლო გეგმებზეც, თქვენი აზრით, რა ტიპის პოლიტიკა უნდა გაატაროს ხელისუფლებამ მოსახლეობის ნდობის აღდგენის მიზნით?

- მე ვერ ვიტყოდი, რომ „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის ნდობა აქვს დაკარგული, თუმცა დაგეთანხმებით, რომ მეტი კომუნიკაცია და გახსნილობაა საჭირო. ზოგადად, პოლიტიკოსს მუდმივად უნდა ჰქონდეს კონტაქტი საზოგადოებასთან, ამომრჩეველთან, ითვალისწინებდეს მის აზრს, მოთხოვნებს და მათგან უნდა იღებდეს დაკვეთას. „ქართული ოცნების“ ორიენტირი ყოველთვის იყო და არის ჩვენი თანამოქალაქეები.

ჩვენ მძიმე მემკვიდრეობა გვერგო. სწორედ საზოგადოების დაკვეთის გამო იქცა ჩვენს პრიორიტეტად ჯანდაცვა და სოციალური სფერო, ბიზნესის მხარდაჭერა, სოფლის მეურნეობის წახალისება და ა.შ. სწორედ აქ იყო ყველაზე მტკივნეული მიმართულებები. ამ კუთხით ბევრი რამ გაკეთდა ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში.

ვერ ვიტყოდი, რომ „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის ნდობა აქვს დაკარგული, თუმცა დაგეთანხმებით, რომ მეტი კომუნიკაცია და გახსნილობაა საჭირო

თუმცა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საკმარისი გაკეთდა. ჩვენ ჯანსაღ კრიტიკას არ გავურბივართ, რეალობას თვალს ვუსწორებთ. მშპ-ს ზრდის ტემპები დღეს ნორმალური გვაქვს, რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო.

ინფლაცია დაბალია, თუმცა, ჩვენს ეკონომიკურ ზრდას ინკლუზიურობა აკლია. ეკონომიკურმა წარმატებამ და სიკეთემ თითოეულ მოქალაქემდე უნდა მიაღწიოს, თითოეულის ჯიბემდე. ესაა დღეს მთავარი გამოწვევა. თქვენ გახსოვთ, რომ ამ პრობლემაზეც პირველად სწორედ ჩვენმა გუნდმა დაიწყო საუბარი მისი ლიდერის სახით.

- ბოლო პერიოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყანაში არსებული მართლმსაჯულების სისტემაა. სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ქვაკუთხედია.

თუმცა, განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ სასამართლოში არსებული ვითარება არც თუ ისე სახარბიელოა. საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანების უვადო მოსამართლეთა დანიშვნის თემა მმართველი ძალის შიგნით დაპირისპირების წინაპირობადაც კი იქცა. თუმცა, მოსახლეობისა და ცალკეული პოლიტიკოსების პროტესტმა შედეგი გამოიღო და მოსამართლეთა არჩევის საკითხი ფორმალური პროცედურების გავლის შემდგომ პრაქტიკულად შეჩერდება.

როგორ ფიქრობთ, რამდენად გამჭვირვალედ ხდება მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი და თვლით თუ არა, რომ ამ თვალსაზრისით პროცესები გაცილებით ფილიგრანულად უნდა წარიმართოს?

- მართლმსაჯულების სისტემა და სასამართლო რეფორმა სახელმწიფოს წარმატების ერთ-ერთი ქვაკუთხედია. მასზეა დამოკიდებული მთელი რიგი ფაქტორები, როგორიცაა სამართლიანობის განცდა, დაცულობა, მათ შორის, საკუთრების და ბიზნესის, კანონისადმი მორჩილება და ა.შ.

რაც შეეხება მოსამართლეების არჩევის საკითხს, აქ მე მოკლედ ვიტყვი: ორი რამ არის მნიშვნელოვანი - ერთი, რომ ყველაფერი უნდა მოხდეს კანონმდებლობის სრული დაცვით და მეორე, მოსამართლეს უნდა გააჩნდეს საზოგადოების ნდობა. ჩვენი ამოცანა არის უზენაეს სასამართლოში მოხვდეს პატიოსანი და მაღალკვალიფიციური მოსამართლეები.

ყველაფერი უნდა მოხდეს კანონმდებლობის სრული დაცვით და მოსამართლეს უნდა გააჩნდეს საზოგადოების ნდობა. ჩვენი ამოცანა არის უზენაეს სასამართლოში მოხვდეს პატიოსანი და მაღალკვალიფიციური მოსამართლეები

ზუსტად ამიტომ, პოზიციების ურთიერთდაახლოების მიზნით, პარტიის თავმჯდომარის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, გასულ კვირას, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა შეხვედრები და შევთანხმდით, რომ ბატონ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით შექმნილი სამუშაო ჯგუფი ჩამოაყალიბებს პროცედურებს, რათა ეტაპობრივად გაიწეროს საკითხები, რომელთა მიხედვითაც განხორციელდება მოსამართლეთა არჩევა.

რაც მთავარია, ეს პროცესი იქნება გამჭვირვალე, გათვალისწინებული იქნება თითოეული დეპუტატის აზრი და საბოლოოდ პარლამენტი იტყვის თავის გადამწყვეტ სიტყვას.

- ბუნებრივია, ქვეყნის განვითარების ფუნდამენტი ეკონომიკური კეთილდღეობაა. თავის მხრივ, ძლიერი ეკონომიკა ბიზნესის განვითარებაზეა დამოკიდებული. ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური იყო რამდენიმე ბიზნესმენის ისტორია, რომლებიც ბიზნესის შევიწროებაზე ღიად საუბრობდნენ და ხელისუფლებას ბიზნესზე ზეწოლაში ადანაშაულებდნენ.

გარდა ამისა, ექსპერტთა ნაწილი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები ხშირად პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან, რაც, თავის მხრივ, ბუნებრივია, აზიანებს კონკურენტულ გარემოს.

თქვენ როგორ შეაფასებდით საქართველოს ბიზნესგარემოს? რეალურად არსებობს თუ არა ხარვეზები და რა არის გასაკეთებელი არსებული გარემოს გასაუმჯობესებლად?

- პირდაპირ გეტყვით, მე არ მჯერა, რომ დღეს ხელისუფლებაში არის პრაქტიკა ბიზნესზე ზეწოლის და შევიწროების. სწორედ ამ მავნე პრაქტიკასთან ბრძოლა იყო „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება და მინდა დავარწმუნო ყველა, რომ მისგან არ გადავუხვევთ.

ეს ერთი და უმთავრესი. მაგრამ ამას აქვს მეორე მხარეც, კანონი ყველამ თანაბრად უნდა დაიცვას, იქნება ეს ბიზნესმენი, პარლამენტარი თუ რიგითი მოქალაქე.

მე არ მჯერა, რომ დღეს ხელისუფლებაში არის პრაქტიკა ბიზნესზე ზეწოლის და შევიწროების. სწორედ ამ მავნე პრაქტიკასთან ბრძოლა იყო „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება და მინდა დავარწმუნო ყველა, რომ მისგან არ გადავუხვევთსახელმწიფოს ვალდებულებაა კანონის აღსრულება, მათ შორის, გადასახადების ამოღება, ისევ იმისთვის, რომ დაფინანსდეს განათლება, ჯანდაცვა, თავდაცვა, უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა და ა.შ.

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა ბიზნესის კეთების კუთხით, ამას აღიარებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია. თუ არის ცალკეული პრეტენზიები, მათ შორის, სპეკულაციები ბიზნესზე ზეწოლასთან დაკავშირებით, ესეც სამართლებრივ ჭრილში უნდა გაირკვეს და გადაწყდეს.

- ბოლო პერიოდში ეკონომიკური მიმართულებით, ბევრი რეფორმა განხორციელდა. განსაკუთრებულად მინდა შევეხო საპენსიო რეფორმას. მიუხედავად კანონის ამოქმედებისა, ეკონომისტებსა და ექსპერტებში საკითხთან მიმართებაში კონსესუსი ამ დრომდე ვერ შედგა და ახალი საპენსიო სისტემის მიმართ მაინც ბევრი კითხვა რჩება. თქვენი აზრით, რამდენად სრულყოფილია მიღებული კანონი დაგროვებითი პენსიის შესახებ და რა არის მისი ძლიერი და სუსტი მხარეები? საინტერესოა წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, რა შედეგებს მოიტანს მიღებული კანონი გრძელვადიან პერსპექტივაში?

- თქვენ აბსოლუტურად სწორად ხედავთ საკითხს, როცა გრძელვადიანი პერსპექტივა ახსენეთ. მოდით, ასე შევხედოთ: ჩვენ გვყავს, დაახლოებით, 800 000 პენსიონერი და მათი რაოდენობა იზრდება. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან პენსია გაიზარდა და გახდა 200 ლარი. მცირეა, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ სოციალურ დაცვაზე სახელმწიფო ბიუჯეტში წელს გათვალისწინებულია, დაახლოებით, 2.8 მლრდ. ლარი.

საქართველომ, წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, შემოიტანა ე.წ. ,,დაგროვებითი პენსია“, სადაც დამსაქმებელი, დასაქმებული და სახელმწიფო სოლიდარულად იღებენ პასუხისმგებლობას. ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ ასაკობრივ ზღვარზე, უნდა იყოს თუ არა იგი სავალდებულო, ანარიცხების ოდენობასა და პროპორციებზე და ა.შ.

მომავალშიც 10, 20, 30 და თუნდაც 50 ლარით პენსიის ზრდა ვერ მოუტანს საგრძნობ ეფექტს ჩვენს პენსიონერებს და მკვეთრად ვერ შეამცირებს სიღარიბის დონეს. სახელმწიფოს მხრიდან კი ხარჯები ამ მიმართულებით გაიზრდება. ამიტომაც საქართველომ, წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, შემოიტანა ე.წ. ,,დაგროვებითი პენსია“, სადაც დამსაქმებელი, დასაქმებული და სახელმწიფო სოლიდარულად იღებენ პასუხისმგებლობას. ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ ასაკობრივ ზღვარზე, უნდა იყოს თუ არა იგი სავალდებულო, ანარიცხების ოდენობასა და პროპორციებზე და ა.შ.

დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, მაგრამ ამ რეფორმას, მერწმუნეთ, ალტერნატივა არ გააჩნია და სპეკულაციები აქ არასწორი იქნება.

მითუმეტეს, რომ არსებული სისტემაც პარალელურად რჩება. პერსპექტივაში ამ კანონმა ჩვენ უნდა მოგვიტანოს ღირსეული პენსია, გრძელვადიანი საინვესტიციო კაპიტალი ქვეყანაში, საფონდო ბაზრის განვითარება და ა.შ.

- აუცილებლად მინდა გკითხოთ ეროვნული ბანკის ბოლო რეგულაციებზე, რომელიც პასუხისმგებლიან დაკრედიტებას გულისხმობს. პირველი იანვრიდან სესხის აღებაზე ახალი შეზღუდვები ამოქმედდა.

ექსპერტების ნაწილი აღნიშნულ რეგულაციებს აკრიტიკებს, მათი თქმით, სესხის აღების გართულებული პროცედურები მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება.

როგორ შეაფასებდით ჭარბვალიანობასთან ბრძოლის ზოგად კონტექსტს, რამდენად მართებულია ამ თვალსაზრისით გადადგმული ნაბიჯები და რა კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები?

- ჭარბვალიანობა, ისევე როგორც მაღალი დოლარიზაცია, ზრდის ფინანსურ რისკებს და არა მხოლოდ სოციალური არამედ ეკონომიკური პრობლემაცაა. ასეული ათასობით ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობდა და ცხოვრობს სავალო წნეხის ქვეშ.

რომ არა ჭარბვალიანობის ასეთი მაღალი დონე, ჩვენ ეკონომიკური ზრდაც მეტი გვექნებოდა და, რაც მთავარია, მის სიკეთეს უფრო სრულად იგრძნობდა მოსახლეობა

აქაც ხელისუფლების ინიციატივები თანმიმდევრული და კომპლექსური იყო, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ერთი მხრივ, 600 000-ზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს ჩამოეწერა საკრედიტო დაწესებულებების წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებები, მეორე მხრივ კი, შემოღებული იქნა ე.წ. ,,პასუხისმგებლიანი დაკრედიტება“, რაც ვალის დაგროვებას შეუშლის ხელს.

ანუ ჩვენ, ერთი მხრივ, ვალების განულების, პატიების და, მეორე მხრივ, ვალების არ დაგროვების პროცესი გვაქვს. შემიძლია გითხრათ, რომ არა ჭარბვალიანობის ასეთი მაღალი დონე, ჩვენ ეკონომიკური ზრდაც მეტი გვექნებოდა და, რაც მთავარია, მის სიკეთეს უფრო სრულად იგრძნობდა მოსახლეობა.

- თუ გადავხედავთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტემპებს, ვნახავთ, რომ რეგიონის ქვეყნებთან მიმართებაში არც თუ დაბალი ტემპებით ვითარდებით, თუმცა, ბუნებრივია, ეს ტემპი დამაკმაყოფილებელი არ არის.

თქვენ ერთ-ერთ გამოსვლაში აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდეთ, ყოფილიყვნენ უფრო თამამები ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარების თვალსაზრისით.

უფრო დეტალურად რომ განგვიმარტოთ, რა იგულისხმება თქვენს მოწოდებაში და, კონკრეტულად რომ ვთქვათ, როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს როგორც აღმასრულებელმა, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებამ სწრაფი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად?

- საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ მამუკა ბახტაძეს აქვს მკაფიო ხედვები ამ მიმართულებით. მან უკვე გააჟღერა მთელი რიგი ინიციატივები, რომლებიც ემსახურება სიღარიბის დონის შემცირებას, დასაქმების ზრდას, ეკონომიკურ წინსვლას და ჩვენს რეგიონში საქართველოს როლისა და ფუნქციის მნიშვნელოვან გაზრდას.

როცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასეული მილიონობით ლარის ათვისება წლიდან წლამდე ვერ ხერხდება ეს აკლდება როგორც მშპ-ს ზრდას, ასევე დასაქმებას და მოსახლეობის შემოსავლებს

ჩემი პროფესიული მოსაზრებები, რომლებიც ეხებოდა ეკონომიკის დარგობრივ სტრუქტურას, მიწის რეფორმას, სოფლის მეურნეობასა და ურბანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, საქართველოს რეგიონის ტექნოლოგიურ კლასტერად და ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბების საკითხებს და ა.შ. თავის დროზე გავახმოვანე თქვენთან ინტერვიუში.

ამაზე საუბარი ახლა შორს წაგვიყვანს. თუმცა, არის ნაკლებად ფუნდამენტური, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი საკითხებიც. მაგალითად, როცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასეული მილიონობით ლარის ათვისება წლიდან წლამდე ვერ ხერხდება ეს აკლდება როგორც მშპ-ს ზრდას, ასევე დასაქმებას და მოსახლეობის შემოსავლებს.

- მოქმედი მთავრობის დამტკიცების დროს სამთავრობო პროგრამის მთავარი მიმართულება ე.წ. მცირე მთავრობის კონცეფცია იყო.

საინტერესოა, როგორ მიმდინარეობს აღნიშნული კონცეფციის იმპლემენტაციის პროცესი და არის თუ არა საკანონმდებლო ხელისუფლება, როგორც მაკონტროლებელი ფუნქციის მქონე ორგანო, აღნიშნულ პროცესში ჩართული. აქვე საინტერესოა, როგორია თქვენი ხედვა, ზოგადად, მცირე მთავრობის კონცეფციასთან მიმართებაში?

- მცირე მთავრობა არ ნიშნავს სამინისტროებისა და უწყებების მექანიკურ შემცირებას, ან მომუშავეთა ნაწილის სამსახურიდან დათხოვნას. როგორც წესი, ეს იზომება იმით, თუ მშპ-ს ან ბიუჯეტის რა წილი მოდის სამთავრობო ხარჯებზე, ანუ ხელისუფლების, ბიუროკრატიის შენახვაზე.

თუ 2012 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბიუროკრატიაზე იხარჯებოდა საერთო ხარჯების 27%, 2018 წელს იგი შემცირდა 23.5%-მდე, ხოლო 2019 წელს 20.5%

ჩვენი ხელისუფლების პირობებში მდგომარეობა შემდეგია: თუ 2012 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბიუროკრატიაზე იხარჯებოდა საერთო ხარჯების 27%, 2018 წელს იგი შემცირდა 23.5%-მდე, ხოლო 2019 წელს 20.5% იქნება, ასევე, 2012 წელს ხელისუფლების შენახვის ხარჯები თუ შეადგენდა მშპ-ს 8.2%-ს, 2018 წელს იგი 6.5%-მდე შემცირდა, ხოლო 2019 წელს 6%-მდე დაეცემა. რეალობა ესაა.

ზოგადად, მე ოპტიმიზაციის მომხრე ვარ და მიმაჩნია, რომ მთავრობა უნდა იყოს მცირე, მოქნილი და მაქსიმალურად ეფექტიანი.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი