განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი“ 7 სხვადასხვა მიმართულებით, თითოეულ სტიპენდიანტზე ყოველთვიურად, 1000 ლარის გაცემას გეგმავს. ამის შესახებ „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ დირექტორმა ზვიად გაბისონიამ ჟურნალისტებს განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ სამინისტროში გამართული პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, თითოეულ სტიპენდიანტზე წელიწადში 12 000 ლარი იქნება გათვალისწინებული.
„ჩვენ გვაქვს 7 ძირითადი სამეცნიერო მიმართულება. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ შვიდივეში გამოვაცხადოთ კონკურსი და შესაბამისად, შევარჩიოთ სახელობითი სტიპენდიანტები, რომლებიც ამ სტიპენდიას წლის განმავლობაში მიიღებენ. გარდა სტიპენდიებისა, გვინდა დავაწესოთ სამეცნიერო ჯილდოები, მაგრამ ეს ალბათ, ორ წელიწადში ერთხელ იქნება. გაზომვა მოხდება წარმატების კოეფიციენტით და არა კონკრეტული ადამიანების სამეცნიერო ბიოგრაფიებით, რომლითაც აქამდე ვზომავდით, არამედ, კონკრეტული სამეცნიერო მიღწევებით”, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.