2019 წელს ონში მუზეუმის მშენებლობაა დაგეგმილი

„ახალი მუზეუმის მშენებლობას ვგეგმავთ ონში, სადაც არის ძალიან მდიდარი კოლექცია, დიდი ტრადიციები და ბრინჯაოს საუკუნის ექსპონატები“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ტექნოპარკში გამართულ ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ განაცხადა.

ვიცე- პრემიერმა აღნიშნა, რომ ეროვნულ მუზეუმთან და კულტურის სამინისტროსთან კონსულტაციით, ონში შესაძლებელია მაღალი სტანდარტების მუზეუმის მშენებლობა.

„2019 წლიდან დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას და ონსაც ექნება დამატებითი მიზიდულობის ცენტრი, პილიგრიმული ტურიზმის გარდა. მოგეხსენებათ, რომ ონში არის სინაგოგა, რაც ძალიან საინტერესოა ჩვენი ებრაელი ტურისტებისთვის. რაჭაში სხვა სახის მარშრუტების განვითარებაც შესაძლებელია. ონის მუზეუმი, უშუალოდ ონის მხარეთმცოდნეობის და არქეოლოგიური მუზეუმის როლს შეასრულებს და მოიზიდავს მეტ ადამიანს, მათ შორის მკვლევარებს, რომლებიც საქართველოში ჩვენი კულტურის უკეთ გასაცნობად ჩამოდიან“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.