დედაქალაქის მერია თბილისში ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟს გეგმავს. ამის შესახებ მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მერიის ცნობით, საფეხმავლო ხიდების ნაცვლად, ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელების მოწყობა იგეგმება.
მათივე ცნობით, მიმდინარე წელს თბილისში 19 საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი და მათ ნაცვლად, შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელების მოწყობა იგეგმება.
2019 წლის აპრილის ბოლომდე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახური შუქნიშნებს რეკონსტრუქციას ჩაუტარებს და ქვეითთა გადასასვლელებს მოაწყობს შემდეგ ლოკაციებზე:
ვაჟა-ფშაველასა და პეკინის გამზირების,
ჭავჭავაძის გამზირისა და ბერძენიშვილის ქუჩის,
წერეთლის გამზირისა და ევდოშვილის ქუჩის,
გურამიშვილის გამზირისა და ზიგზაგის, ლიახვის, ქსნის, გუდამაყრისა ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების გზაჯვარედინებზე.
ამასთან, წლის ბოლომდე შუქნიშნების ახალი ობიექტები დამონტაჟდება და „ზებრა გადასასვლელები“ დაიხაზება:
ყაზბეგის გამზირზე, N52 საჯარო სკოლასთან;
ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარედ;
ცოტნე დადიანის გამზირზე, N4 საჯარო სკოლასთან;
რობაქიძის გამზირისა და ბელიაშვილის ქუჩების გადაკვეთასთან;
რობაქიძის გამზირზე, მაღაზია „წითელქუდასთან“;
მარშალ გელოვანის გამზირზე, „აგროჰაბთან“;
რუსთავის გზატკეცილის N6-ის მიმდებარედ;
შანდორ პეტეფის ქუჩაზე, N151 საჯარო სკოლასთან;
გურამიშვილის გამზირის N15-თან არსებულ საცხოვრებელ სახლთან;
გორგასალის N111-თან და N111ა-სთან.