"აზიის განვითარების ბანკი 700 მილიონი დოლარის ახალ პროექტებს დააფინანსებს"

აზიის განვითარების ბანკი 700 მილიონი დოლარის ახალ პროექტებს დააფინანსებს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ეკონომიკურ კონფერენციაზე აზიის განვითარების ბანკის ADB-ს ახალ პროექტზე ისაუბრა, რომლის განხორციელებაც წელს დაიწყება და 2020 წლისთვის უფრო აქტიურ ფაზაში გადავა.

უწყების ინფორმაციით, პროექტი, 700 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსებით, მოიცავს ზუგდიდისა და მესტიის, ასევე თელავის, ახმეტის, თუშეთისა და თბილისის არეალს.

,,ეს არის ADB-ის დაფინანსებით, ანუ სესხით განხორციელებული ახალი შესაძლებლობა, რომელიც 700 მილიონ დოლარს შეადგენს. ამ პროექტის ჩამოყალიბების პროცესში, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები როგორც რეგიონებთან, ისე უშუალოდ აზიის განვითარების ბანკთან და პროექტის განხორციელების რამდენიმე არეალი გამოიკვეთა“, -აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, პროექტი არ მოიცავს მხოლოდ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და მის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება იქ, სადაც ეს საჭიროა. მისივე თქმით, პროექტი ასევე, მცირე სესხების სახით ბიზნესკომპონენტის დაფინანსებას მოიცავს.

,,მოხდება სხვადასხვა ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა. ეს საკმაოდ საინტერესო და ყოვლისმომცველი პროექტია, რომელიც სრულიად ჯდება რეგიონული განვითარების ჩვენს ხედვაში“, - განაცხადა ვიცე -პრემიერმა.