"მთავრობა მწვანე ეკონომიკას ქვეყნის მომავალი განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებად განიხილავს"

ეკონომიკური კონფერენციის მეორე პანელზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოსთვის მწვანე ეკონომიკის განვითარების მოდელის მნიშვნელობის საკითხები განიხილა.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მწვანე ეკონომიკას ქვეყნის მომავალი განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებად განიხილავს და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კონკრეტულ ღონისძიებებს ახორციელებს.

ლევან დავითაშვილმა გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესების საკითხზე საუბრისას ყურადღება „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ ამოქმედებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ კოდექსის საფუძველზე მაქსიმალურად უზრუნველყოფილია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქმიანობის განხორციელებით შესაძლო საფრთხეების იდენტიფიცირება. ასევე, აღნიშნა, რომ გათვალისწინებულია სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებაც, რაც გულისხმობს სხვადასხვა სექტორების პოლიტიკის დაგეგმარების ადრეულ ეტაპზე გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის საკითხების ინტეგრირებას, რაც აზღვევს გარემოს დაცვით რისკებს.

ლევან დავითაშვილმა კონფერენციაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებებზე ისაუბრა.

„2017 წლიდან ქვეყანაში „ევრო 5“ სტანდარტის ბენზინი მოიხმარება. 2019 წლის პირველი იანვრიდან, დიზელის საწვავის ხარისხი „ევრო 4“ ნორმამდე გაიზარდა, ხოლო წლის ბოლოდან იგი „ევრო 5“-ს მიაღწევს. შედეგად, მნიშვნელოვანი დამბინძურებლები - გოგირდის ორჟანგი და ბენზოლი დღეს ქვეყნის მასშტაბით ნორმის ფარგლებშია“, - აღნიშნა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჰაერის ხარისხის მართვის თანამედროვე ევროპული პრინციპების დანერგვის მიზნით, შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებები და შეიქმნა ჰაერის ხარისხის პორტალი, რომლის საშუალებითაც მარტივად გასაგები ინფორმაცია ჰაერის ხარისხის შესახებ ყველასთვის ხელმისაწვდომია უწყვეტ რეჟიმში.

მინისტრის განცხადებით, 2019 წლის 1 თებერვლიდან ეტაპობრივად დაინერგება ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემა.

როგორც ნარჩენების თემაზე საუბრისას ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების განხორციელება 2019 წლის 1 დეკემბრიდან დაიწყება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ვალდებულების ეფექტიანად აღსრულებისათვის, სამინისტრომ სხვა დაინტერესებულ უწყებებთან და კერძო ბიზნესთან თანამშრომლობით თითოეული სპეციფიკური ნარჩენის შესახებ უკვე შეიმუშავა სამართლებრივი აქტების სამუშაო ვერსიები, რომელშიც განსაზღვრული იქნება შესაბამისი ზომები ნარჩენი შესაფუთი მასალის წარმოქმნის პრევენციის, მისი ხელახალი გამოყენების, რეციკლირების შესახებ, რაც ცალსახად მიუთითებს ქვეყნის ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობაზე გადასვლას.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა „ტექნიკური რეგლამენტი“.

„პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესი“, რაც მიმართულია პოლიეთილენის პარკების გარემოში მოხვედრის შემცირებაზე/პრევენციაზე და ის ასევე ხელს შეუწყობს ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოების განვითარება/წახალისებას. პირველ ეტაპზე, 2018 წლის 1 ოქტომბრიდან აიკრძალა 15 მიკრონზე ნაკლები სისქის, ხოლო 2019 წლის 1 აპრილიდან იკრძალება ნებისმიერი ტიპის პლასტიკის პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი. ასევე, აიკრძალა ოქსო-ბიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი. ამასთან ერთად, მიმდინარეობს წამახალისებელი ზომების შემუშავება პლასტიკის და მინის ბოთლებისათვის ე.წ. დეპოზიტის სისტემის დასანერგად, რაც მომხმარებლებს გაუჩენს მოტივაციას იმის, რომ მოხდეს ბოთლების დიდი ნაწილის უკან ჩაბარება, რაც შეამცირებს ნაგავსაყრელებსა და გარემოში მსგავსი ტიპის ნარჩენებს“, - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.