ვანის მუზეუმის მშენებლობა წელს დასრულდება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ განაცხადა.
„მუნიციპალური განვითარების ფონდი ვანში მსოფლიო დონის ახალ მუზეუმს აშენებს, რომელიც ეროვნული მუზეუმის მართვის ქვეშ იქნება. ეს იქნება ახალი ტურისტული ობიექტი და დარწმუნებული ვარ, რომ იქ დაცული უნიკალური საგანძურის სანახავად ვანში ნამდვილად ჩავლენ ჩვენი ქვეყნის ისტორიით დაინტერესებული ადამიანები“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის დასრულების შემდეგ, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდება და რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო მუზეუმი იქნება.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, შენდება ოთხსართულიანი შენობა, ასევე, მოეწყობა ავტოსადგომი, მცირე ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია და საოფისე ოთახები ადმინისტრაციისათვის.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხელს შეუწყობს ვანის არქეოლოგიური სივრცის დაცვას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.