„მთავრობა არანაირი რუსული თაფლის შეძენას არ ცდილობს. ეს იყო ღია და გამჭირვალე ტენდერი", - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, არც ერთი დაინტერესებული უწყება არ იყო ინფორმირებული რა პროდუქტს იძენდა.
„ეს იყო აბსოლუტურად თავისუფალ პირობებში, კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარებული ტენდერი. წარმოიდგინეთ მომხმარებლის პოზიცია, რომელსაც პროდუქციასთან დაკავშირებით აქვს კონკრეტული მოთხოვნები და არ უნდა იყოს ამ თემაზე სპეკულაციები", - განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე განმარტებით მეფუტკრეობის მთავარი გამოწვევა უკავშირდება წარმოების ზრდას.
ცნობისათვის, საქართველოს მთავრობამ 2019 წელს შესაძლოა, 1 024 800 ლარის ღირებულების 73 200 კგ რუსული თაფლი იყიდოს. აქედან 25 ათას კგ-ს შსს, 14 600 კგ-ს სასაზღვრო პოლიცია, 3000 კგ-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი, 600 კგ-ს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, 30 ათას კგ-ს კი სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა შეიძენს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ვებ-გვერდზეა განთავსებული. კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის თანახმად, თაფლის შესყიდვის ყველაზე დაბალი ფასის სატენდერო წინადადება წარადგინა შპს „ვ.ტ."-მ. კომისიამ კი სატენდერო წინადადება 2019 წლის 16 იანვარს განიხილა. შპს „ვ.ტ“-ს ასპროცენტიანი წილის მფლობელი იური ჯოგლიძე ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, რუსული წარმოების შპს „ აპიდეის“ თაფლს საქართველოს მთავრობას კილოგრამს 14 ლარად მიჰყიდის.
ამ ეტაპზე კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა მიმდინარეობს.