საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი პროდუქტის - ხელფასების კალკულატორის პრეზენტაცია გამართა, რომელიც ადამიანებს საშუალებას მისცემს ნებისმიერ რეგიონში, სქესის, ასაკის მიხედვით საშუალო ხელფასი დაიანგარიშოს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის თქმით, ადამიანმა, რომელიც სისტემაში შევა, უნდა აირჩიოს შესაბამისი რეგიონი, სქესი, წელი, კვალიფიკაცია, საქმიანობის სფერო, რომელშიც მუშაობს და ეს კალკულატორი მისცემს შესაძლებლობას, გაიგოს რამდენი იქნება მისი საშუალო ხელფასი.
მისივე თქმით, სისტემაში შეყვანილია საქართველოს ყველა რეგიონის მონაცემები.
“ჩვენ მოვამზადეთ ხელფასების კალკულატორი, რომელიც საზოგადოებას საშუალებას აძლევს, რეგიონულ, დინამიკურ ჭრილში პროფესიების, საქმიანობის სახეების და სქესის მიხედვით განსაზღვროს საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ოდენობა", - განაცხადა თოდრაძემ.
ხელფასების კალკულატორი საქსტატის ვებ-გვერდზე განთავსდება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მომხმარებლისთვის.