მსოფლიო საავტომობილო ინდუსტრიას ახალი ლიდერი ჰყავს - მსუბუქი ავტომობილების გაყიდვებში, „ფოლკსვაგენის“ ჯგუფს ლიდერობა „რენო-ნისან-მიცუბიშის“ ჯგუფმა ჩამოართვა.
თუმცა სატვირთო ავტომობილების დამატებით, გერმანული კონგლომერატი პირველობას კვლავაც ინარჩუნებს.
„როიტერსის“ გათვლებით, „რენომ“, „ნისანმა“ და „მიცუბიშიმ“ 2018 წელს ჯამში 10.76 მილიონი ავტომობილი გაყიდეს. მათ გაყიდვებში არ შედის მძიმე სატვირთო ავტომობილები.
ფრანგულ-იაპონურ ჯგუფში შემავალი კომპანიებიდან, ყველაზე მეტი ავტომობილი „ნისანს“ აქვს გაყიდული. მასზე 5.65 მილიონი ავტომობილი მოდის, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 2.8 პროცენტით ნაკლებია. გაყიდვები 18 პროცენტით, 1.22 მილიონ ავტომობილამდე გაზარდა „მიცუბიშიმ“. „რენოს“ ანგარიშზე კი 3.88 მილიონი ავტომობილია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 3.2 პროცენტით მეტია.
გაყიდვები 0.9 პროცენტით გაზარდა „ფოლკსვაგენის“ ჯგუფმა, რომელში შემავალმა კომპანიებმაც ჯამში 10.83 მილიონი ავტომობილის რეალიზება შეძლეს. ოღონდ, „მან-ის“ და „სკანიას“ მიერ გაყიდული სატვირთო ავტომობილების გამოკლებით, „ფოლკსვაგენის“ შედეგი 10.6 მილიონია, ანუ „რენო-ნისან-მიცუბიშისაზე“ ნაკლები.
მესამე პოზიციას „ტოიოტა“ ინარჩუნებს, რომელსაც თავის პრემიუმ ბრენდ „ლექსუსთან“ ერთად, 10.59 მილიონი ავტომობილი აქვს გაყიდული.
ამასთან, იაპონური კომპანიის მონცემებში შესულია მის ჯგუფში შემავალი, მინი ავომობილების მწარმოებელი „დაიჰაცუს“ და სატვირთოების მწარმოებელი „ჰინოს“ გაყიდვები. ამ უკანასკნელის გამოკლებით, „ტოიოტას“ 10.39 მილიონი ავტომობილი აქვს გაყიდული. კომპანია აცხადებს, რომ წელს 10.76 მილიონი ავტომობილის გაყიდვას გეგმავს.