"საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ითვალისწინებს ბანკთან მთავრობის თავდებობას იმ ბიზნესებისთვის, რომელთაც ბანკში ჩასადები ქონება არ აქვთ"

2019 წლის პირველ კვარტალში ძალაში შედის საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს ბანკთან მთავრობის თავდებობას იმ ბიზნესებისთვის, ვისაც ბანკში ჩასადები ქონება არ აქვთ, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ განაცხადა.

გიორგი ქობულიას თქმით, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ამოქმედების მიზნით მთავრობამ წელს ბიუჯეტში 20 მლნ ლარი გამოყო.

მინისტრის თქმით, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ბევრ ბიზნესს ფინანსებზე წვდომის პრობლემას მოუხსნის. კერძოდ, აღნიშნული სქემის გამოყენებისას გათვალისწინებული იქნება ის პრიორიტეტები, რომლის განვითარებაც მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისათვის. მათ შორისაა, წარმოება და გადამუშავება, საგანმანათლებლო საქმიანობა, ტრენინგ ცენტრები, სერვისების ექსპორტი, გადამამუშავებელი სოფლის მეურნეობა, კვლევები და განვითარება, სამედიცინო მომსახურება, ტურისტული მომსახურება და სხვა.

საგარანტიო სქემის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ ანაზღაურდება გარანტიით უზრუნველყოფილი ინდივიდუალური სესხის 70%-მდე, სქემის ფარგლებში გაცემული გარანტიით უზრუნველყოფილი სესხების მთლიანი პორტფელის 10%-ის ფარგლებში.