"IT სექტორისთვის 3 წელიწადში 10,000 ადამიანს გადავამზადებთ"

ჩვენ, განათლების სამინისტროსა და ბიზნესთან ერთად, შევქმენით სპეციალური საბჭო, საერთო ძალისხმევით IT სექტორისთვის საგანმანათლებლო პროგრამა შევიმუშავეთ, რომელიც 3 წლის განმავლობაში 10,000 ადამიანის გადამზადებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019“ გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, კონფერენცია მათი უწყების დაფინანსებით ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტის“ წლიური გამოცემის ეგიდით ტარდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საბჭომ შეიმუშავა სპეციალური კურსები იმ სპეციალისტების მოსამზადებლად, რომლებიც განსაკუთრებით პრიორიტეტულია სადღეისოდ შრომის ბაზარზე.

მისივე თქმით, უახლოესი 3 წლის განმავლობაში აღნიშნული პროგრამა შრომის ბაზარს 10,000 სპეციალისტს შემატებს.