სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ თაფლის ტენდერში მონაწილე კომპანიას დისკვალიფიკაცია მიანიჭა, შესაბამისად, ძალოვანი სტრუქტურები რუსული წარმოების თაფლს აღარ იყიდიან - აღნიშნულ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ავრცელებს განცხადებას ნატურალური თაფლის (CON18000093) ტენდერთან დაკავშირებით. აღნიშნულ ტენდერში დაბალი ფასის შემოთავაზების მქონე კომპანიამ „ვ.ტ“ მოქმედი კანომდებლობისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის შესაბამისად წარმოადგინა ნატურალური თაფლის ნიმუში. სატენდერო კომისიამ შეაფასა წარმოდგენილი ნიმუში. კომისიის გადაწყვეტილებით, პრეტენდენტს მიენიჭა დისკვალიფიკაცია. ვინაიდან, წარმოდგენილი ნიმუში არ აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციითა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. დისკვალიფიკაციის საფუძველბი დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი N70-ში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისათვის, საქართველოს მთავრობამ თაფლის შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი იანვარში გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საუბარი იყო 1 024 800 ლარის ღირებულების 73 200 კგ თაფლზე. აქედან 25 ათას კგ-ს შსს, 14 600 კგ-ს სასაზღვრო პოლიცია, 3000 კგ-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი, 600 კგ-ს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, 30 ათას კგ-ს კი სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა შეიძენდა.
ტენდერში საკუთარი წინადადება მხოლოდ კომპანია ვ.ტ.-იმ წარადგინა. შპს „ვ.ტ“-ს ასპროცენტიანი წილის მფლობელი იური ჯოგლიძე ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, რუსული წარმოების შპს „ აპიდეის“ თაფლს საქართველოს მთავრობას კილოგრამს 14 ლარად მიჰყიდდა.