თბილისის შემდეგ გაზის ტარიფი კომერციულ აბონენტებს რეგიონებშიც გაეზრდება

2019 წლის გაზაფხულიდან შპს “სოკარ ჯორჯია გაზის” საცალო კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი 1 კუბურ მეტრზე დღგ-ს ჩათვლით 95 თეთრი იქნება.

“სოკარ ჯორჯია გაზის” ახალი ტარიფი ძალაში ზამთრის სეზონის გასვლის შემდეგ, 1 მარტიდან შევა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში, კომერციული ობიექტებისთვის ტარიფის ზრდა თბილისში „ყაზტრანსგაზ თბილისმაც“ დააანონსა. კერძოდ, კომპანიის ცნობით, დედაქალაქში იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც გაზს არასაყოფაცხოვრებო მიზნით მოიხმარენ, ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე დღგ-ს ჩათვლით 86 თეთრი იქნება. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს შეეხება, რომელთაც თბილისში ტარიფი 4 თებერვლიდან გაიზრდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თებერვლიდან თბილისში კომერციული ობიექტებიდან პურის მრეწველობას ტარიფი არ შეეცვლება.

კომპანიათა განმარტებით, ფასის კორექტირება გამოწვეულია ეროვნული ვალუტის აშშ დოლართან გაცვლითი კურსისა და განაწილების ტარიფის ცვლილებით.

თაია არდოტელი