პარლამენტის 54 წევრი არასწორად შევსებული დეკლარაციის გამო, 1000 ლარით დაჯარიმდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
საუბარია, ორგანიზაციის მიერ 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში მოხსენიებულ დეპუტატებზე, რომელთაც ქონებრივი დეკლარაცია არასწორად ჰქონდათ შევსებული.
„2017 წელს ანგარიში გამოვაქვეყნეთ, სადაც დავწერეთ, რომ პარლამენტის 54 წევრს დეკლარაცია არასწორად ჰქონდა შევსებული - ზოგს ბიზნესში წილის დაწერა "დაავიწყდა" და ზოგს ის, რომ ბინა ქონდა კიდევ ერთი. მაშინ პარლამენტის წევრები პირდაპირ მიზანმიმართულ სიცრუეში გვდებდნენ ბრალს. ამის შემდეგ საჯარო სამსახურის ბიუროს მივმართეთ განცხადებით, რომ ამ დეკლარაციების მონიტორინგი დაეწყო. რამდენიმე დღის წინ კი, მივიღეთ წერილი, რომ პარლამენტის იმ 54 წევრის დეკლარაცია, რომელზეც ვსაუბრობდით, უარყოფითად შეფასდა და 1 000 ლარით დაჯარიმდნენ“,-წერს საჯაია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ 2017 წლის ანგარიშში მოხსენიებულ დეპუტატებს შორის არიან: ლევან კობიაშვილი, კობა ნარჩემაშვილი, ნინო წილოსანი, ირმა ინაშვილი, სოფიო კილაძე და ა.შ.
ორგანიზაციის ანგარიში იხილეთ სრულად: პარლამენტის წევრების კავშირები ბიზნესთან, შეუთავსებელი საქმიანობა და არადეკლარირებული ქონება