„2018 წელს, ჯამში 1200-ზე მეტი პროექტი განხორციელდა"

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 2018 წელს სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების მხრიდან ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში 1 661 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა გასული წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, 2018 წელს, ჯამში 1200-ზე მეტი პროექტი განხორციელდა.

„2018 წელს ჩვენ ნამდვილად ბევრი, 1200-ზე მეტი პროექტი შევასრულეთ, რომელიც პირველ რიგში, ჩვენი რეგიონების განვითარებაზე არის ორიენტირებული. მათგან გამოვყოფდი ძალიან მნიშვნელოვან და ისტორიულ პროექტებსაც, რომლის მასშტაბურობა, რა თქმა უნდა, განსხვავდება ყველა იმ პროექტისგან, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში განხორციელდა. მათ შორის არის ყველაზე გრძელი ხიდი, რომელიც 1 კილომეტზე მეტი სიგრძისაა, არის 2 კილომეტრზე მეტი სიგრძის გვირაბი, კობი-გუდაურის საბაგირო. რა თქმა უნდა, ეს არის პროექტები, რომლებიც გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონები უფრო გაძლიერდნენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 2019 წელს ჩვენ ბევრად უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელებას ვიწყებთ.

იცით, რომ ბევრი საუბარი იყო 2018 წელს განხორციელებული პროექტების ტემპთან, ხარისხთან და ბიუჯეტის შესაძლო აუთვისებლობასთან, მაგრამ მინდა, ნახოთ რეალობა, რომელიც არის ის, რომ ჩვენ წელს მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების მხრიდან 1 661 მილიონი ლარის პროექტები განვახორციელეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ინვესტიცია რეგიონების განვითარებაში, იმ ადამიანების კეთილდღეობასა და უფრო კომფორტულ ცხოვრებაში ჩაიდო, ვინც რეგიონებში, სოფლებში ცხოვრობენ. შესაბამისად, ეს პროექტები არის მიმართული იმისთვის, რომ ნამდვილად ინკლუზიური და თითოეულ ადამიანზე ორიენტირებული განვითარების სისტემა შევქმნათ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.