როგორია ანაკლიის პორტის პროექტის მიმდინარე სტატუსი

2018 წლის სექტემბერში დაიწყო მასშტაბური საზღვაო სამუშაოების პირველი ეტაპი.

პორტისთვის გამოყოფილი ტერიტორიის ძირითადი ნაწილი შეადგენს მაღალტენიან და დაჭაობებულ ტერიტორიას. შესაბამისად, კონსორციუმის მიერ დაქირავებულმა, საერთაშორისო რეპუტაციის მქონე საპროექტო კომპანიამ, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ასეულობით მსგავსი პორტი აქვს დაპროექტებული, შეადგინა გრუნტის მომზადების გეგმა, რამაც, საბოლოო ჯამში, ტერიტორია მშენებლობისთვის საუკეთესო და განსაკუთრებულად მყარი უნდა გახადოს.

შესაბამისად, დაახლოებით, 100 ჰა ფართობზე კონსორციუმის საზღვაო ნაწილის მშენებელმა კომპანიამ „Van Oord“-მა 11 მეტრის სიღრმეზე უკვე დააყენა 3 500 კილომეტრამდე სიგრძის ვერიკალური დრენაჟები. ეს ხელს უწყობს გრუნტის სიღრმიდან წყლის ამოსვლას და აჩქარებს გრუნტის კონსოლიდაციას, რაც მას ხდის სამშენებლოდ კარგს. უკეთ რომ წარმოვიდგონოთ ჩაყენებული დრენაჟების საერთო სიგრძე, ეს, დაახლოებით, იგივეა, რაც საჰაერო მანძილი თბილისსა და ოსლოს შორის.

ასევე, გრუნტის კონსოლიდაციის დაჩქარების მიზნით და მომავალში საამშენებლო მოედნის მოსაწყობად ზღვის ფსკერიდან უდიდესმა დამაღრმავებელმა გემმა „ათენამ“ 5 მლნ კუბურ მეტრამდე ქვიშა ამოიღო, რომელიც ასევე განთავსდა 100 ჰა ტერიტორიაზე. ამოღებული ქვიშა თავისი წონით აწვება გრუნტს და ამოდევნის წყალს ვერტიკალური დრენაჟების დახმარებით. შედარებისთვის, 100 ჰა ტერიტორია უდრის 160 სტანდარტულ საფეხბურთო სტადიონს. რაც შეეხება 5 მლნ კუბურ მეტრამდე ქვიშას - მისი ზღვიდან ამოღება და ხმელეთზე განთავსება კომპანიამ მოახერხა ორ თვეზე ნაკლებ დროში, რასაც ხმელეთზე გადაზიდვის შემთხვევაში 500.000-მდე დიდი სატვირთო მანქანის რეისი დასჭირდებოდა. ამ ეტაპზე, პორტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს გრუნტის კონსოლიდაციის (ჯდომის) პროცესი, რასაც, სავარაუდოდ, 5 - 7 თვის პერიოდი სჭირდება, შესაბამისად, როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, დაიწყება სამშენებლო სამუშაოების მეორე ეტაპი, რომლის ფარგლებშიც ზღვაში 1 კმ სიგრძის ტაღლმტეხი აშენდება. მისი დანიშნულებაა, შეაკავოს და/ან შეამციროს ტალღების შეღწევადობა პორტის აკვატორიაში, რაც უზრუნველყოფს გემების უსაფრთხო გადაადგილებას ნავმისადგომთან და პორტის შეუფერხებელ ოპერირებას „შტორმის დროს“ მთელი წლის განმავლობაში. ასევე, აშენდება 875 მეტრის სიგრძის ნავმისადგომი, რომელზეც მოთავსდება 4 ცალი ე.წ. STS ტიპის ამწე, თითოეული 100 ტონამდე ტვირთამწეობით. მათი მეშვეობით მოხდება გემების დაცლა/დატვირთვა. ზღვის პორტის პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოების შედეგად საზღვაო აკვატორია დაღრმავდება 16 მეტრამდე, რაც უზრუნველყოფს პანამაქსის ტიპის გემების შემოსვლას პორტში; აშენდება საკონტეინერო ტერმინალი, სადაც განთავსდება კონტეინერების საწყობები და მათ გადასატანად საჭირო მოწყობილობები. მშრალი და ნაყარი ტვირთების ტერმინალს, საიდანაც მოხდება მშრალი ნაყარი ტვირთის ტრანსპორტირება, წელიწადში, საწყის ეტაპზე, გამტარიანუნარობა 1,5 მილიონი ტონა ექნება და გაიზრდება 10 მილიონ ტონამდე; ასევე საწყის ეტაპზე პორტი გაატარებს 600,000 TEU კონტეინერს და გაიზრდება 1,000,000 TEU კონტეინერამდე. რაც შეეხება პარალელურად მიმდინარე სამუშაოებს, დასრულების ეტაპზეა საერთაშორისო ტენდერი გენერალური კონტრაქტორის შესარჩევად და მალე გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება პორტის ძირითადი სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი.

ასევე, კონსორციუმი აწარმოებს მოლაპარაკებებს საპორტო ამწე-მოწყობილობების მომწოდებელ კომპანიებთან, ე.წ. STS და eRTG ტიპის ამწეების შესყიდვის მიზნით. შესადარებლად: თითოეული STS ამწის წონა 1500 ტონაა, მაშინ როდესაც ერთი „ბოინი 737“ 41 ტონას იწონის. ანუ ბოინგზე 37 ჯერ მეტი სიმძიმისაა. პორტში საწყის ეტაპზე 4 ასეთი ამწე განთავსდება.

და რაც მთავარია, საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა დაასრულეს ანაკლიის პორტის პროექტის დეტალური შესწავლის პროცესი. გამოიკვეთა საკითხები, რომელთა საბოლოო შეჯერება 8 თებერვალს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, მთავრობასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის ერთობლივ შეხვედრაზე დაიწყება. ყველა მნიშვნელოვანი საკითხის შეჯერების შემდეგ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ პროექტის დაფინანსება მოხდება. დღეისთვის პროექტში 180 მილიონ ლარზე მეტია ინვესტირებული. გარდა ამისა, წარმატებით სრულდება მოლაპარაკებები ორ უმსხვილეს საერთაშორისო ბანკთან, პროექტის კაპიტალში შემოსვლის შესახებ, რის შემდეგაც პროექტის პირველი ფაზის დაფინანსება სრულად შეიკვრება.