„ლიბერთი ბანკი“ ფიზიკურ პირებს ანგარიშის მომსახურების საკომისიოს უზრდის

„ლიბერთი ბანკი“ ფიზიკურ პირებს ანგარიშის მომსახურების ტარიფებს უცვლის. ამის შესახებ ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათ შორის იცვლება ანგარიშის მომსახურების საკომისიოც. კერძოდ, მომხმარებელი, რომელიც „ლიბერთი ბანკში“ პირადი მიზნობრიობით იღებდა liberty card-ს ანუ სადებეტო ბარათს, წლიურად მომსახურების საკომისიოს სახით, 6 ლარს იხდიდა; ცვლილების შედეგად კი ყოველთვიურად 1.5 ლარის გადახდა მოუწევს. აღსანიშნავია, რომ მომსახურების საკომისიოს ცვლილება ბანკის სახელფასო კლიენტებს არ შეეხებათ.

გარდა ამისა, იცვლება ე.წ. უმოძრაო ანგარიშების პირობებიც. კერძოდ, თუ მომხმარებელს ანგარიშზე ექნება თანხა, რომელიც არც გააქვს და არც არაფერს რიცხავს დამატებით, მომსახურების საკომისიოს სახით, ყოველთვიურად 3 ლარი დაერიცხება. მაგრამ ეს ცვლილება არ შეეხება ისეთ მომხმარებლებს, რომელთაც ანგარიშზე ნული ლარი აქვთ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბანკის ცნობით, ცვლილებები არც სოციალური ტიპის ანგარიშებზე - საპენსიო ბარათებზე, სოციალურ და დევნილის ბარათებზე არ გავრცელდება.

„ლიბერთი ბანკის“ ანგარიშის მომსახურების ტარიფების ცვლილება 30 იანვრიდან შევიდა ძალაში, თანხის ჩამოჭრა კი 28 თებერვლიდან განხორციელდება.

თაია არდოტელი