„მენაშენეთა ასოციაცია“ დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს უსაფრთხოების ნორმების დაღვევებისთვის საჯარიმო სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს.
„მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი აცხადებს, რომ ისეთი შემზარავი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად, რომელიც დღეს ისანში მოხდა, თბილისის მერმა არაპოპულარული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს“, - ნათქვამია „მენაშენეთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, უსაფრთხოების ნორმების დარღვევა უმკაცრესი ჯარიმით უნდა ისჯებოდეს არა მხოლოდ სამშენებლო სექტორში, არამედ ნებისმიერი სხვა მიმართულებით.
„თბილისის არჩეულმა მერმა უნდა მიიღოს ძალიან არაპოპულარული გადაწყვეტილებები. დარწმუნებული ვარ, ეს არაპოპულარული გადაწყვეტილებები მის რეიტინგს ძალიან შეარყევს, მაგრამ ის ისტორიაში შევა, როგორც კარგი მერი! „გარწმუნებთ, რომ ჯარიმის გაზრდა არავის მოეწონება, მაგრამ თბილისის მერმა უნდა მიიღოს ასეთი გადაწყვეტილებები, რათა გადარჩეს 7 და 700 ადამიანი“, – განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.
დღეს, ისანში და 16 იანვარს დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიების შეფასებისას, რომელთა შედეგად, საერთო ჯამში, 11 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ირაკლი როსტომაშვილი აღნიშნავს, რომ „სრული უვიცობა და უცოდინრობაა“, როდესაც საზოგადოებისა თუ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შენობის ექსპლუატაციაში მიღებაზე პედალირებენ.
„ეს ყველაფერი არის უვიცობისა და უცოდინრობის შედეგი და აი, რას ვგულისხმობ: მასმედიაში გვესმის თანამდებობის პირების, მოსახლეობის გამონათქვამები, რომ თითქოს ექსპლუატაციაში იყო მიღებული – არ იყო მიღებული... ამ ხალხმა უბრალოდ არ იცის, რას ნიშნავს ექსპლუატაციაში მიღება. ექსპლუატაციაში მიღება არ არის რაღაცა ქონების მიცემა. ექსპლუატაციაში მიღება ნიშნავს რაიმე ქონების გადაცემას ექსპლუატაციაში, სარგებლობაში. დღესაც გაჟღერდა ფრაზა ამ უბედური შემთხვევის შემდეგ, თითქოს არასწორი ექსპლუატაციის შედეგად მოხდა. ამას სჭირდება ცოდნა, მაგალითად, მანქანას რომ ყიდულობს ადამიანი, იქ უწერია, რომ, მაგალითად, ყოველ 10 000 კილომეტრზე უნდა გამოცვალო ზეთი და ასე შემდეგ. ასეა ყველაფერი, მათ შორის წყლის, გაზის თუ ელექტროენერგიის მოხმარების შემთხვევაში“, – აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.
მისივე თქმით, „მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უმკაცრესად უნდა ამოწმოს ის ოპერატორი კომპანიები, რომლებიც მოსახლეობას ამა თუ იმ სერვისს სთავაზობენ, როგორ ასრულებენ ისინი თავიანთ ფუნქციებს“.
„მე არ ვარ პოლიტიკოსი და სრული პასუხისმგებლობით და თამამად ვაცხადებ, უკიდურესად უნდა გამკაცრდეს სანქციები ნებისმიერი ასეთი ხარვეზის დაშვების შემთხვევებისთვის, მათ შორის ისეთი შემთხვევისთვისაც, რომელთანაც დღეს გვაქვს საქმე. კომპანიის მიერ ჩაჭრილი დანადგარი მოქალაქეებმა თვითნებურად მიაერთეს გაზის მილს და შედეგად 7 ადამიანის გარდაცვალება მივიღეთ. როდესაც ვინმე თვითნებურად არღვევს თუნდაც გაზის დანადგარის ექსპლუატაციის წესს და სპეციალისტების მითითებებს, უნდა დაჯარიმდნენ თუნდაც 10 000 ლარით. ისეთი ჯარიმები უნდა დაწესდეს, რომ „ხერხემალში გადატეხოს“ ადამიანი, ვინც ამას სჩადის!“, – განაცხადა „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ.
ირაკლი როსტომაშვილის თქმით, უსაფრთხოების ნებისმიერი მიმართულებით დამრღვევ ადამიანებზე უნდა ვრცელდებოდეს უმკაცრესი სანქციები და ჯარიმები უკიდურესად მძიმე უნდა იყოს დამრღვევი მოქალაქეებისთვის.
„უმკაცრესი სანქციები უსაფრთხოების ნებისმიერი მიმართულებით დამრღვევ ადამიანებზე უნდა ვრცელდებოდეს. მე ადრეც ვამბობდი, როდესაც არაერთი მუშა გადმოვარდა სამშენებლო ობიექტებიდან, უნდა გამკაცრებულიყო უსაფრთხოების ზომები და მოგვიანებით ასეც მოხდა, მაგრამ, თუ ეს მუშა მეცხრე სართულზე უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მუშაობს, ხოლო სამუშაო დღის ბოლოს გადის ობიექტიდან, ჯდება საჭესთან და ღვედის ნაცვლად რაღაც თოკს იმაგრებს, რომ პატრული მოატყუოს და ჯარიმა არ გადაიხადოს, ხომ იგივე რისკის ქვეშ იგდებს თავს?! ან იგივე – ქუჩაზე, სადაც ზებრა არ არის დახაზული და არც შუქნიშანია, გადარბის ფეხმძიმე ქალი 2 წლის ბავშვით ხელში... ამ ყველაფერზე უნდა იყოს საშინლად დიდი ჯარიმები! სხვანაირად არ გამოვა. არსად არ მომხდარა ისე. ჯარიმა ჰქვია იმას, რომ მისი გადახდა უკიდურესად მძიმე უნდა იყოს დამრღვევი მოქალაქეებისთვის. იგივე სინგაპურის მაგალითი რომ ავიღოთ, თავიდან, როდესაც დამოუკიდებლობა მოიპოვეს დიდი ბრიტანეთისგან, უკიდურესი გაჭირვება იყო, მაგრამ იმდენად მკაცრი ჯარიმები დააწესეს, თუნდაც ქუჩაში ნაგვის დაყრაზე, რომ წარმოუდგენელი იყო ამის გადახდა ნებისმიერი სინგაპურელისთვის. ამიტომ დამრღვევები მიჰყავდათ და ამუშავებდნენ თუნდაც იმ 500 დოლარის გამომუშავებამდე“, – აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.
მისივე თქმით, რა თქმა უნდა, მთელი საქართველოს მასშტაბით ასეთი დარღვევების ადმინისტრირება წარმოუდგენელ რესურსს მოითხოვს, მაგრამ უნდა გამოცხადდეს, რომ ასეთი დარღვევების შემთხვევაში პასუხისმგებელი მოქალაქე დაჯარიმდება თუნდაც 5 000 ლარით, ასეთი გამკაცრება თავიდან აგვარიდებს 7 კაცის და თუნდაც 1 ადამიანის დაღუპვას ამ დაუდევრობების გამო.
„აქ უპირველესად საზოგადოების პასუხისმგებლობის საკითხია წამოსაწევი. ყველა რაღაცას ითხოვს სახელმწიფოსგან, მაგრამ თვითონ რამე გააკეთოს – ეს არ უნდათ! საზოგადოების პასუხისმგებლობის საკითხია ყველაფერი, მათ შორის ხელისუფლების ნებისმიერი შტო არის საზოგადოების პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.
თბილისში ქეთევან წამებულის გამზირზე, სავარაუდოდ, გაზის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად 7 ადამიანი 31 იანვარს გარდაიცვალა.