რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება მუნიციპალური დანიშნულებისინფრასტრუქტურის განვითარებაა, -ამის შესახებ მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა წინა წელს დასრულებული და მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტების შესახებ ანგარიშის წარადგინისას განაცხადა.
როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს მეწარმეების საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ანგარიშის თანახმად, 2018 წელს დასრულდა დუშეთის პარკის რეაბილიტაციის პროექტი და მთლიანად განახლდა პარკის ინფრასტრუქტურა. გასული წლის ოქტომბერში ასევე დასრულდა ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტიც.
,,მიმდინარეობს და წელს დასრულდება ჭიათურის საბაგიროების მშენებლობის სამუშაოები, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჭიათურის მთაგორიან რელიეფზე გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალება იქნება“, -აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, სამინისტროში არსებული რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდი სწორედ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებს ემსახურება, 2018 წელს ფონდის ბიუჯეტი 250 მლნ ₾ შეადგენდა და განხორციელდა 800-მდე პროექტი მათ შორის ისეთი პროექტები, როგორიცაა საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, წყალმომარაგება, მუნიციპალური გზები, სანიაღვრე არხების გაწმენდა და სხვა.
2019 წელს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით დაგეგმილია 850-მდე პროექტის განხორციელება სხვადასხვა მუნიციპალური ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
,,დაგეგმილი გვაქვს ქობულეთისა და ბათუმის ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოწყობისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა ახალი ბულვარი და სანაპირო ზოლი დაცული იქნება შტორმის დროს ტალღების ზემოქმედებისგან“, -აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
როგორც მან განაცხადა, მიმდინარე წელს, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით იწყება 5 რეგიონული ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა, ტენდერი უკვე გამოცხადებულია გორის, გურჯაანისა და ახალციხის ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაზე. მინისტრის თქმით, წლის განმავლობაში დამატებით გამოცხადდება ტენდერი ზუგდიდისა და რუსთავის ცხოვლეთა თავშესაფრის მშენებლობისთვის.