დედაქალაქის შემდეგ კომერციული გაზი რეგიონებშიც გაძვირდება.
ფასმა თბილისში პირველი იანვრიდან მოიმატა, ხოლო დანარჩენ საქართველოში პირველი მარტიდან მოიმატებს. როგორც გაზეთი „რეზონანსი"
წერს, იმ პირობებში, როცა ცენტრიდან მოშორებით ბიზნესს განვითარება ისედაც უჭირს და სამუშაო ადგილები ძალიან მცირეა, ეს დამატებითი მუხრუჭი იქნება კერძო სექტორისთვის. თანაც გაიზრდება ადგილობრივი პროდუქციის ღირებულება.
2019 წლის 1-ლი მარტიდან „სოკარ ჯორჯია გაზი" საცალო კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასურს ზრდის, რაც 1 კბ/მ-ზე 95 თეთრი იქნება. კომპანიაში ამტკიცებენ, რომ ფასის კორექტირება გამოწვეულია ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსისა და განაწილების ტარიფის ცვლილებით. ახალი ტარიფი ძალაში შევა ზამთრის სეზონის გასვლის შემდეგ, 1 მარტიდან.
როგორც „სოკარ ჯორჯიას" დირექტორის პირველმა მოადგილე ანტონ სამსონაძემ განაცხადა, პირველი მარტიდან კომერციული სექტორისთვის ერთი კუბური მეტრი გაზის ღირებულება 11 თეთრით მოიმატებს.
„გადაწყვეტილება განპირობებულია ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობით და, ამავე დროს, სემეკის მიერ დადგენილი განაწილების ტარიფის ცვლილებით. ხაზი მინდა გავუსვა, რომ მოსახლეობას, რომელიც სოციალური ტარიფით იღებს გაზს, ეს არ შეეხება.
გაზგამანაწილებელ კომპანიებს შორის „სოკარ ჯორჯია გაზი" უკანასკნელია, ვინც ამ კორექტირებას ახდენს. ყველა სხვა კომპანიებმა უკვე დააკორექტირეს თავიანთი ტარიფები. გადასახადი პურის საცხობებისთვის უცვლელი რჩება და ეს „სოკარის" კეთილი ნებაა, რათა მოსახლეობამ ვერ იგრძნოს კომერციული ტარიფის ცვლილება პურის გაძვირების ნაწილში", - განაცხადა ანტონ სამსონაძემ.
„რეზონანსი" დაინტერესდა ბიზნესომბუდსმენის პოზიციით, რამდენად შეაფერხებს ენერგომატარებლების გაძვირება ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას. ირაკლი ლექვინაძის თქმით, ამასთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვა მისი მხრიდან არაკორექტულია და გვირჩია, ეკონომისტებისთვის გვეკითხა.
ფინანსისტი აკაკი ცომაია, ვისთანაც ბიზნესომბუდსმენმა გადაგვამისამართა, მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება წვრილ და საშუალო ბიზნესს დააზარალებს. იგი „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ბუნებრივი აირის გაძვირება გააქრობს საშუალო და წვრილ ბიზნესს და ეს ფაქტი მსხვილი ბიზნესისთვის კომფორტულიც კი შეიძლება აღმოჩნდეს.
„გაზის ტარიფის ზრდა გააძვირებს ცხოვრებას და დიდ გავლენას მოახდენს ადამიანების სამომხმარებლო კალათაზე. მეორე მხრივ, გარკვეულწილად მეწარმეებს უბიძგებს ფასების ზრდისკენ, პროდუქცია გაძვირდება. გაზი და ელექტროენერგია – ორივე ენერგომატარებელია და საკმაო წვლილი უდევთ პროდუქციის გაძვირების კომპონენტში.
ეს კონკურენციასაც გაამძაფრებს და წვრილი ბიზნესი შევიწროვდება, რის გამოც მსხვილი კომპანიები უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს", - აღნიშნა ცომაიამ.
მცირე და საშუალო ბიზნესსაწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძე "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ კომერციული გაზის ფასის ზრდა ყველას შეეხება.
„ვისთვისაც გაზი შედიოდა საქონლის თვითღირებულებაში, აუცილებლად იმოქმედებს საქონლის თვითღირებულებასა და მომსახურეობის ფასზე. მართალია, პურის ქარხნებს არ უძვირდებათ, მაგრამ საცხობებს ხომ შეეხება? შესაბამისად, მათი პროდუქტის ღირებულება მოიმატებს. გაზს თუ ვიყენებ გათბობისთვის ოფისში, გათბობის ხარჯიც მეზრდება, შესაბამისად, მომსახურების ფასიც იმატებს.
ნებისმიერი პირისთვის, ვინც ბუნებრივ აირს იყენებს წარმოებისთვის და მომსახურებისთვის, დამატებითი წნეხია. ყველას შეეხება ეს პრობლემა, მყიდველსაც და მწარმოებელსაც, რადგან პროდუქცია ერთიანად გაძვირდება. ეს ნამდვილად იმოქმედებს ბიზნეს სექტორზე", - აღნიშნა მიხეილ ჭელიძემ.
რეგიონებში კომერციული გაზის ფასის ზრდა კერძო ბიზნესის განვითარებასა და, ზოგადად, რეგიონების წინსვლას ხელს შეუშლის. მცირე მეწარმეებს კი, შესაძლოა, მოუწიოთ საქმიანობაზე უარის თქმა, რადგან ბიზნესი ხარჯს ვეღარ გასწვდება.
თეო გუდავაძე
გაზეთი „რეზონანსი"