„ბავშვები ითხოვენ მშვიდობას“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში ჩართული უკრაინელი და ქართველი მეომრებისა და სოციალურად აქტიური მოქალაქეების ბავშვებისთვის ხორციელდება. ეს პროექტი არის საქართველოსა და უკრაინას შორის ჭეშმარიტი სახალხო დიპლომატიის მაგალითი, რომელიც უკრაინელ და ქართველ ბავშვებს შორის მეგობრობას უწყობს ხელს, განსაკუთრებით, იმ ბავშვებს შორის, რომელთა სამწუხაროდ, იციან, თუ რა არის ომი. პროექტს, რომელიც უკვე მესამე წელია ხორციელდება, მხარს უჭერს და ფინანსურად ეხმარება „ნიკორა“.
„ბავშვები ითხოვენ მშვიდობას“ 2017 წლიდან ხორციელდება. 2017 და 2018 წლების ზაფხულში უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან 40 ბავშვი გაეცნო საქართველოს ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს, დაუმეგობრდნენ ქართველ თანატოლებს, ნაწილობრივ შეისწავლეს ქართული ენა და ამ ქვეყანაში მათთვის საინტერესო ახალი ადგილები აღმოაჩინეს. პროექტის განხორციელების ფარგლებში გაიმართა 20-ზე მეტი სხვადასხვა ღონისძიება, რომლებშიც ორგანიზატორებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ აჭარის მთავრობის სამინისტროების, მუნიციპალური ორგანოების, ბათუმის მერიისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
წელს საქველმოქმედო საზოგადოებამ „მამაჩემი უკრაინას იცავს“ დაპატიჟა 10 ბავშვი და მათი თანმხლები პირები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან უკრაინაში დასვენებისა და რეაბილიტაციის მიზნით. ქართული მხრიდან ვიზიტი 2019 წლის 5 იანვრიდან 15 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა და ქართველმა ბავშვებმა ლვოვის, იმიერკარპატების და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებში დაისვენეს.
პროექტის ორგანიზატორები არიან საქველმოქმედო ფონდი „ალილო-2015“ (ქ. ბათუმი), ახალგაზრდობის დემოკრატიული განვითარების ცენტრი „სინერგია“ (ქ. ოდესა) და ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი „ივერია“ (ქ. ოდესა). პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა შეაქვს საქართველოში უკრაინის საელჩოს, ქ. ოდესაში საქართველოს საკონსულოს, საქართველოს ვეტერანთა სამსახურს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, ქალაქ ბათუმის მერიას და ქართველ კერძო მეწარმეებს.