Prada-ს პროდუქცია შესაძლოა, Made in Georgia-ს იარლიყით გაიყიდოს

შვეიცარიის პოლიციის შემდეგ, ქართულმა „ელსელემამ“ პროდუქციის წარმოება შესაძლოა, Prada-სთვის დაიწყოს. პროდუქციის მიწოდებაზე საერთაშორისო ბრენდთან მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია.

დაეწერება თუ არა Prada-ს პროდუქციას „დამზადებულია საქართველოში“, სწორედ ამ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გადაწყდება.

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი აცხადებს, რომ კომპანია „ელსელემა“ ამ ეტაპზე Prada-სთან ძალიან მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„ჩემი ინფორმაციით, კომპანია „ელსელემა“, რომელიც შანხაის იმპორტის გამოფენაზე წავიყვანეთ, ძალიან მჭიდრო მოლაპარაკებებს აწარმოებს ისეთ ბრენდებთან მაგალითად, როგორიცაა „პრადა.“ კომპანიამ უკვე რამდენიმე ნიმუში გადააგზავნა და იქიდან დადებითი პასუხის მოსვლის შემთხვევაში, ეს იქნება მეორე კომპანია, რომელიც წარმატებულად განახორციელებს ექსპორტს ძალიან ძვირიანი ბრენდისთვის“, - განუცხადა ხადურელმა „ბიზნესპრესნიუსს“.

Prada-სთან მოლაპარაკებებს ადასტურებენ „ელსელემაშიც“. როგორ კომპანიაში აცხადებენ, დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

სამკერვალო საწარმო „ელსელემა" 1992 წელს თბილისში დაფუძნდა. 2017 წლის სექტემბერში კომპანიამ კიდევ ერთი საწარმო ლანჩხუთში გახსნა. საწარმომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლა. ამ ეტაპზე „ელსელემა" ორ სამკერვალო ფაბრიკას ფლობს თბილისსა და ლანჩხუთში. ამჟამად „ელსელემას" საექსპორტო პროდუქციაში შვეიცარიის პოლიციელებისთვის დამზადებული ჟილეტებია.

ქრისტინე გამთენაძე