10 თვის განმავლობაში, 2018 წლის 1-ლი მარტიდან, 2019 წლის 1-ელ იანვრამდე, თბილისის მასშტაბით, თვითნებურად დამონტაჟებული 69 500 დანადგარი ჩავხსენით, - ამის შესახებ „ყაზტრანსგაზის“ დირექტორის მოადგილემ გიორგი ლეფსვერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, 69 500 აბონენტიდან 30-40%-ის შემთხვევაში დანადგარის ხელახლა აღდგენა თვითნებურად მოხდა.
„კანონმდებლობით გვევალება, რომ 1-ლი მარტიდან 1-ელ მარტამდე (1 წლის განმავლობაში), შევიდეთ ჩვენს ყველა აბონენტთან და შევამოწმოთ იქ არსებული პირობები. სპეციალისტები ამოწმებენ ქსელს, როგორ არის დანადგარები განთავსებული და ა.შ. ამოწმებენ, გარეგანი დათვალიერებითაც და ხელსაწყოთიც.
2018 წლის 1-ლი მარტიდან, 2019 წლის 1-ელ იანვრამდე, ანუ 10 თვეში, თბილისში ჩახსნილი გვაქვს 69 500 დანადგარი და წელი ჯერ არ დასრულებულა, წინ კიდევ 2 თვეა. წარმოიდგინეთ, 69 500 აბონენტს თვითნებურად ჰქონდა დანადგარი დამონტაჟებული, რითაც საფრთხეს უქმნიდა არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მეზობლებსაც.
რაც შეეხება ჩახსნიდან ხელმეორედ თვითნებურად აღდგენას, ასეთი აბონენტების სავარაუდოდ, 30-40% ყურად არ იღებს ჩვენს ნათქვამს და ჩვენი სპეციალისტების წამოსვლის შემდეგ, კვლავ თვითნებურად აღადგენს. სწორედ ამიტომაა გასამკაცრებელი კანონდებლობა და რეგულაციები“, - განაცხადა გიორგი ლეფსვერიძემ.