საქართველოში იმ მობილურების მომხმარებელთა წილმა, რომლებზეც მავნე პროგრამებით თავდასხმა განხორციელდა, 2018 წლისთვის 5,17% შეადგინა, მაშინ როცა წინა წელს ეს მაჩვენებელი - 4,71% იყო. ამის შესახებ „კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემებშია ასახული.
ანგარიშის მიხედვით, მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთში ეს მაჩვენებელი შედარებით ნაკლებია. კერძოდ, სომხეთში მავნე პროგრამებით თავდასხმამ გასულ წელს 4,76%, ხოლო აზერბაიჯანში 2,95% შეადგინა.
„მობილური მოწყობილობების დასნებოვნების თავიდან ასაცილებლად, ექსპერტები რეკომენდაციას იძლევიან, რომ მომხმარებლებმა მხოლოდ სანდო წყაროებიდან გადმოტვირთონ პროგრამები და გამორთონ პარამეტრებში ის შესაძლებლობა, რომელიც პროგრამების გვერდითი წყაროებიდან დაყენების საშუალებას იძლევა.
საჭიროა აგრეთვე დროზე იქნას განახლებული სისტემა და მნიშვნელოვანი პროგრამები. უსაფრთხოების მრავალი პრობლემა მოგვარდება აქტუალური ვერსიების დაყენებით. რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა მივაქციოთ SMS შეტყობინებებს, ელექტრონულ ფოსტას, მესენჯერებს და სოციალურ ქსელებშიც არ უნდა გადავიდეთ ბრაუზერის შეუმოწმებელ გზავნილებზე. ამასთან, აუცილებელია, მობილურზე ეფექტური ანტივირუსი დავაყენოთ,“-აღნიშნულია ლაბორატორიის ინფორმაციაში.