ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთში, მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში “FITUR 2019” მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 5 დღის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან, გამოფენის ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამსახველ ვიდეო რგოლებს, ვირტუალური რეალობის სათვალეების VR-ის მეშვეობით კი ვირტუალურად ემოგზაურათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. გამოფენის სტუმრებისთვის გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაციაც.
საქართველოს სტენდი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დაათვალიერეს.