გზების მშენებლობასთან ერთად, საქართველოში ბევრი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, იმ პროექტებს, რომელთა დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.
რეგიონალური განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციით, 2020 წლისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდება. მათ შორისაა მზიურის პარკი და მეტროს შიდა გაყვანილობის რეაბილიტაცია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მომდევნო წელს, კერძოდ, იანვრის ბოლოს დასრულდება მზიურის პარკის რეაბილიტაცია, რომელიც 2018 წლის აგვისტოში დაიწყო. პროექტის დონორია ევროპის საინვესტიციო ბანკი და მისი ჯამური საინვესტიციო ღირებულება 7,799,705.00 ლარია.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი მოიცავს 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ჭ.ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული გამწვანების და პარკი მზიურის აღდგენა-მოწყობას. ამასთან, საპროექტო სამუშაოები მოიცავს პარკის სრულ რეაბილიტაციას, არსებული მოზაიკების, ხიდების, კიბეებისა და არსებული ცენტრალური სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაციას.
„პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა საველოსიპედე ბილიკები, სკამები, ურნები, ფანჩატურები, სასმელი წყლის სოკოები, დასასვენებელი ადგილები და დადგება ზონირების შესაბამისი ნიშნები. ასევე, სკეიდბორდის მოედანი, საბავშვო გასართობი მოედნები, მცირე ზომის საფეხბურთო მოედანი, ველოსიპედის გასაქირავებელი ჯიხური. ფონდს, ასევე დაგეგმილი აქვს სათამაშოების მუზეუმის და მედიათეკის მოწყობაც“,- აღნიშნავენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
უწყების ინფორმაციითვე, 2020 წელის ივნისში დასრულდება დუშეთის ისტორიული ქუჩების რეაბილიტაციაც, რომელიც 2018 წლის დეკემბერში დაიწყო. პროექტის დონორია მსოფლიო ბანკი, საინვესტიციო ღირებულება კი 5,122,948.63 ლარს შეადგენს.
როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში აღნიშნავენ, პროექტი ითვალისწინებს, დუშეთის ცენტრალური ნაწილის - რუსთაველის, ერეკლე II-ს, ჭავჭავაძის, კოსტავას, წმ. ნინოს, შამანაურის ქუჩების და ცენტრალური პარკის მიმდებარე შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას.
„პროექტით განსაზღვრულია, ასევე შედარებით მოშორებით მდებარე ორი განსაკუთრებული ღირებულის მქონე სახლის - ილია ჭავჭავაძისა და ე. წ. „აპრელოვის“ სახლების რეაბილიტაცია. საერთო ჯამში დაგეგმილია 40 სახლის, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე 24 სახლის რეაბილიტაცია/რესტავრაცია. პროექტის მიზანია მათი პირვანდელი სახით აღდგენა და წარმოჩენა. ამავე ქუჩებზე გათვალისწინებულია გზის საფარის, ტროტუარებისა და გარე განათების მოწყობა“,- აცხადებენ უწყებაში.
მომავალი წლის თებერვალშია დაგეგმილი მიტარბის საბაგირომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და დიდველზე პარკინგის გაფართოებაც. სამუშაოები 2018 წლის ნოემბერში, მსოფლიო ბანკის დონორობით დაიწყო. პროექტის ღირებულება 4,796,160.00 ლარს შეადგენს.
როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, პროექტი ითვალისწინებს 3 კილომეტრამდე მიტარბის საბაგირომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას და წყალგამტარი მილების მოწყობას. რაც შეეხება დიდველის პარკინგს, გათვალისწინებულია ტაქსების პარკინგის მოწყობა და არსებული პარკინგის გაფართოვება. პარკინგის ტერიტორიაზე მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა.
ასევე 2020 წელს არის დაგეგმილი თბილისის მეტროს რეაბილიტაცია, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. პროექტის ღირებულება - კაბელების ნაწილში 10,358,874 აშშ დოლარი, ხოლო ვენტილატორების კომპონენტის - 5,000,739 აშშ დოლარია.
როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში აღნიშნავენ, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მეტროში უსაფრთხოებისა და ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით გადაუდებელი საჭიროების ღონისძიებების განხორციელება.
„კერძოდ, მოხდება მთლიანად მეტროს სისტემაში ელექტროკაბელებისა და სავენტილაციო სისტემის განახლება. გამოიცვლება 191 000 მ სიგრძის დაბალი ძაბვის (220-380 ვოლტი) და 137 000 მ სიგრძის საშუალო ძაბვის (6-10 კილოვოლტი) კაბელები. ასევე, 32 ვენტილატორი. მშენებლობას ზედამხედველობას გაუწევს ერთობლივი საწარმო კომპანია ILF Beratende Ingenieure AG (წამყვანი პარტნიორი, შვეიცარია) და ILF Consulting Engineers Austria GMBH Branch in Georgia (პარტნიორი, ავსტრია). სამშენებლო სამუშაობის დაწყება გათვალისწინებულია 2019 წლის იანვარში. სამუშაოების ხანგრძლივობა 19 თვე“,-აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.