„გუშინ ხელი მოეწერა „ვიზეართან“ შეთანხმებას ახალ ფრენებთან დაკავშირებით. ავიაკომპანია 2019 წლის 1-ელი აგვისტოდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდით დაიწყებს. რეგულარულ ფრენებს ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის და ბარის მიმართულებით შეასრულებს. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიასთან, დანიის სამეფოსთან და ესტონეთთან საქართველოს აქამდე პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ ჰქონია“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, შესაბამისი შეთანხმება საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და უნგრულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „ვიზეარს“ შორის გუშინ, 31 იანვარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაფორმდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ავიარეისებიდან გამომდინარე გაიზრდება იმ ქვეყნების გეოგრაფია, საიდანაც საქართველოში ტურისტები შემოდიან.
„ეს სიახლე ჩვენ მოგვცემს საშუალებას, უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ სამიზნე ბაზრებიდან, საიდანაც ჩამოდიან მაღალი გადახდისუნარიანი ტურისტები, რაც ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მხარესთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, „ვიზეარმა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდის დამატებიდან ზუსტად 8 თვეში, მესამე თვითმფრინავი და 6 ახალი მიმართულება დაამატა. შეიქმნება 30-ზე მეტი სამუშაო ადგილი და დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. საქართველოში ოპერირება უნგრულმა ავიაკომპანიამ 2012 წელს დაიწყო. 7-წლიანი წარმატებული მოღვაწეობის მანძილზე ავიაკომპანიამ საქართველოში 202 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება განახორციელა და 250-ზე მეტი არაპირდაპირი სამუშაო ადგილი შექმნა.