გასული წლის მიწურულს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ქვეყნის რიგით მე-5 და პირველი ქალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდა.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის 15 დღეში ანუ 2018 წლის 16 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში პრეზიდენტმა შემოსავლის სახით, 2 891,42 ლარი მიიღო. ამასთან, გასულ წელს ზურაბიშვილს პარლამენტის წევრობის დროსაც აქვს შემოსავალი მიღებული - 55 128 ლარის ოდენობით.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა როგორ შეიცვალა სალომე ზურაბიშვილის ქონებრივი მდგომარეობა ერთ წელიწადში.
მიმდინარე წლის 30 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, პრეზიდენტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არ შეცვლილა და კვლავ, თბილისში, 126,33 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს; 235 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთსა და პარიზში მდებარე 60 კვ.მეტრის ბინას ფლობს. ამასთან, მის საკუთრებაშია ასევე მსუბუქი ავტომობილი Hyundai.
როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ზურაბიშვილს გასულ წელს მემკვიდრეობით აქვს მიღებული georgia capital plc-ს აქციები, (გადახდილი საფასური -389,76 გირვანქა სტერლინგი); გარდა ამისა, ფლობს ასევე მემკვიდრეობით, 2013 წელს მიღებულ „თელიანის“ აქციებს. ცნობისთვის, 2018 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, „საქართველოს ბანკის“ აქციებს ფლობდა და შესაძლოა, ეს ცვლილება საინვესტიციო ჯგუფი BGEO Group-ს გაყოფით იყოს გამოწვეული, რომელმაც გასულ წელს ფუნქციონირება ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით განაგრძო. კერძოდ, ერთი კომპანია საბანკო (საქართველოს ბანკის ჯგუფი - Bank of Georgia Group), ხოლო მეორე - საინვესტიციო ბიზნესის (საქართველოს კაპიტალი - Georgia Capital) მიმართულებით საქმიანობს.
რაც შეეხება პრეზიდენტის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 35 594 დოლარი; 9 016,46 ლარი და 82 278.58 ევრო ჰქონდა.
ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა გასულ წელს სახლის გაქირავების შედეგად შემოსავლის სახით, 29 000 ევრო; ხოლო დაგროვებითი პენსიის სახით - 39 847,55 ევრო მიიღო.