იმ შემთხვევებიდან, რაც გახმაურდა, მხოლოდ ბოლო ერთ თვეში ბუნებრივი აირის გაჟონვით, და ისიც მხოლოდ თბილისში, 13 კაცი დაიღუპა და 73 მოიწამლა.
გაზგამანაწილებელი კომპანიის პასუხისმგებლობასთან, რეგულაციების გამკაცრებასა და კვალიფიციური კადრების საჭიროებასთან ერთად, დარგის სპეციალისტები მოსახლეობას უფრო მეტი ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებენ.
თბილისში, 31 იანვარს დატრიალებულმა ტრაგედიამ, კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ კანონმდებლობა და რეგულაციები ამ სფეროში სასწრაფოდ საჭიროებს გადახედვას. მაგალითად, ამ კონკრეტული შემთხვევით თუ ვიმსჯელებთ, არასწორად დამონტაჟებული ხელსაწყოს აღმოჩენის შემთხვევაში აბონენტს გაზმომარაგება არ უწყდება და გაზის კომპანიის თანამშრომლების წასვლის შემდეგ ნებისმიერს შეუძლია ხელსაწყოს მიერთება გაზის წყაროსთან და ამისთვის პასუხს არავინ მოსთხოვს. თავად გაზის განაწილების ლიცენზიატები ვალდებული არიან მხოლოდ წელიწადში ერთხელ (მარტიდან მეორე წლის მარტამდე), აბონენტების გაზის ხელსაწყოების ტექნიკური მდგომარეობა შეამოწმონ და არასწორად დამონტაჟებული დანადგარები ჩახსნან.
კანონმდებლობა აბონენტებსაც ავალდებულებს, ახალი ან გარემონტებული ხელსაწყოს დამონტაჟებისას გაზის სადისტრიბუციო კომპანიას დაუკავშირდნენ და შეამოწმებინონ, რამდენად უსაფრთხოა დამონტაჟებული ხელსაწყო. რამდენი ჩვენგანი იქცევა ასე? სტატისტიკის მოშველიება არც გვჭირდება, შეგვიძლია საკუთარ თავს ვკითხოთ. თუმცა ბევრმა ამ ვალდებულების შესახებაც არაფერი იცის. მეტიც, ძალიან ბევრ მოქალაქეს სახლში სწორედ შიდა, ღია წვის წყლის გამათბობელი და გამაცხელებელი აქვს დამონტაჟებული ისე, რომ არც არავის შეუმოწმებია და არც იცის, რა საფრთხეს წარმოადგენს მისი ოჯახისთვის. ასეთი გაზის დანადგარები თავისუფლად იყიდება ბაზარზე, მაშინ, როცა გაზგამანაწილებელი კომპანიის ბოლოდროინდელი განცხადებებით, მათი დამონტაჟება დახურულ სივრცეში კატეგორიულად აკრძალულია!
დავით მირცხულავა, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი: "უსაფრთხოების საკითხებისადმი სახელმწიფოს არაჯეროვანი ყურადღების უამრავი ფაქტი გვაქვს: ქვანახშირის შახტები, სადაც ბოლო რამდენიმე წელიწადში უამრავი მოქალაქე დაიღუპა; ვერეს ხეობაში წყალდიდობა და უსაფრთხოების რისკების იგნორირება პროექტირების პერიოდში; შუახევიჰესის გვირაბის ჩამონგრევა, სადაც, საბედნიეროდ, არავინ დაღუპულა, ზარალი კი კოლოსალურია; ფონიჭალაში ბუნებრივი გაზის გაჟონვა და აფეთქება; დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედია... საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან - ეს არის საკანონმდებლო, ნორმატიული აქტებისა და დარგობრივი რეგლამენტების უზარმაზარი დეფიციტი.გაიხსენეთ, როდის ნახეთ ბოლოს გაზზე მომუშავე მოწყობილობებისა და შიდა გაზგაყვანილობის უსაფრთხოების კონტროლიორი თქვენს ბინაში, რომელიც, წესით, ყოველწლიურად მაინც უნდა ამოწმებდეს მოწყობილობებსა და შიდა ქსელს.
გინახავთ ოფიციალური წარმომადგენელი გაზის სადისტრიბუციო კომპანიიდან, საჯაროდ რომ გვირჩევდეს და გვთავაზობდეს გაზის გაჟონვის საწინააღმდეგო დეტექტორ-ანალიზატორის (ჩამკეტი სარქვლით) დამონტაჟებას ბინებში?
გაზის გაჟონვის დამაფიქსირებელი დეტექტორები აუცილებელია გაზის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის დასავლეთის ქვეყნებში, მაგალითად, გერმანიაში, რომელიც ასევე ამზადებს ამ ტიპის საუკეთესო მოწყობილობებს. ვფიქრობ, ის სტატისტიკა, რომელსაც კომპანია აქვეყნებს, გეგმურ შემოწმებას კი არ ასახავს, არამედ გამოძახებაზე რეაგირების შედეგია. უკვე წესად იქცა ცუდი პრაქტიკა, როცა ინჟინრების საკეთებელ საქმეს სხვა სპეციალობის წარმომადგენლები "აკეთებენ": იურისტები, ექიმები, ფილოლოგები, მუსიკოსები და სხვა. რამდენჯერ მინახავს, ე.წ. ხელმძღვანელებს ნახაზის წაკითხვაც რომ უჭირთ და სამუშაოს "გეგმავენ". ასე გაგრძელება არ შეიძლება, საინჟინრო საქმეს ინჟინრები უნდა აკეთებდნენ. ბუნებრივი გაზის ქსელები ურთულესი საინჟინრო სისტემაა და მათ ექსპლუატაციას მაღალკვალიფიციური კომპანიები უნდა ემსახურებოდნენ.
მახსოვს, როცა თბილისის გაზგამანაწილებელი ქსელი "ყაზტრანსგაზს" მიჰყიდეს, ამის შემდეგ გაირკვა, რომ მის მფლობელ კომპანიას მხოლოდ ბიშკეკში ჰქონდა ასეთი პროფილის კომპანიის მართვის გამოცდილება, რაც, ბუნებრივია, არ კმარა. ბევრს აკრიტიკებდნენ ჩვენს მთავრობას, მაგრამ როცა "თელასის" პრივატიზაცია ხდებოდა, მხოლოდ მე, როგორც ენერგეტიკის მაშინდელმა მინისტრმა, ჩვენი ელექტროსისტემის შესყიდვით დაინტერესებული ორი კომპანიის შესახებ, რომელთაგან ერთი ფრანგული და ერთიც ამერიკული იყო, 30-30-გვერდიანი დასკვნა დავწერე. შესაბამისად, როცა ურთულეს საინჟინრო ქსელზე ვსაუბრობთ, რომელიც ამავე დროს მოძველებულია როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად, აუცილებელია, მას ამ სფეროში გამოცდილების მქონე კომპანია მართავდეს.
შემდეგ იყო 2009 წლის დადგენილება, რომლის თანახმადაც, ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ სამართავად აიღო თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია და მას დროებითი მმართველი დაუნიშნა. მაშინაც მუდმივი მონიტორინგი უნდა ჩატარებულიყო, ჰქონდა თუ არა მმართველს ასეთი კომპანიის მართვის გამოცდილება და კომპეტენცია. გვქონია პრაქტიკა, როცა ამგვარი რთული სისტემების სამართავად გამოცდილ მმართველებს დასავლეთ ევროპიდან ვიწვევდით, მაგალითად, სახელმწიფო ელექტროსისტემაში ირლანდიური კომპანია შემოვიყვანეთ. ეს სპეციფიკური სფეროა, ურთულესია მასში უსაფრთხოების, მექანიზმების მართვის, მონაცემთა შეგროვებისა და კონტროლის სისტემის დანერგვა, რასაც რეგიონში ყველა ქვეყანა თავს კარგად ართმევს, ჩვენ კი ჯერ საინვესტიციო გეგმაც არ გვინახავს.
- ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება მაშინ, როცა უსაფრთხოების სისტემების, ნორმების სისუსტესა და, ფაქტობრივად, არარსებობაზე მიდგება საქმე?
- ყველასი, დაწყებული ხელისუფლებით, კომპანიითა და მარეგულირებელი კომისიით დამთავრებული. რეგულაციების გამკაცრებაზე საუბარი ახლა არ უნდა იწყებოდეს, ეს საკითხი დღის წესრიგში აქამდე უნდა დამდგარიყო. 1999 წელს თბილისში ბუნებრივი აირის 16 ათასი აბონენტი იყო მხოლოდ, დღეს კი 466 ათასზე მეტია. მარეგულირებელი კომისია უნდა ამოწმებდეს, იცავს თუ არა გაზგამანაწილებელი კომპანია ლიცენზიით გათვალისწინებულ პირობებს, რაშიც, რა თქმა უნდა, საცალო მომსახურებაც იგულისხმება. ჩვენი კანონმდებლობით, შიდა ქსელზე პასუხისმგებელი თავად აბონენტია, მაგრამ ვერ მოსთხოვთ, ვთქვათ, ხანდაზმულ მობინადრეს შემოწმებას, რამდენად გამართულად მუშაობს მისი გაზქურა, არის თუ არა სარკმელი იქ, სადაც უნდა იყოს, ხდება თუ არა ვენტილაცია ბინაში და ა.შ.
გინახავთ, ოდესმე ბინებში ვენტილაცია შეემოწმებინათ? არადა, ეს აუცილებელია ამ სისტემის უსაფრთხოებისთვის.გაზის გაჟონვით ავარიები მთელ მსოფლიოში ხდება. მაგალითად, 27 იანვარს ჰააგაში ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო სამსართულიანი სახლი დაინგრა და 9 კაცი დაშავდა. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ასეთი შემთხვევები.
- როგორ მართავენ სხვა ქვეყნებში გაზგამანაწილებელ ქსელებს და უსაფრთხოების რა მექანიზმები არსებობს მათთან?
- მაგალითად, გერმანიაში ბინაში გაზის სისტემას ვერ დაამონტაჟებთ, თუ არა გაქვთ დეტექტორი, რომელიც ნახშირჟანგსა და მეთანზე რეაგირებს. ალბათ, საჭიროა როგორც კომპანიის, სახელმწიფოსა და მათ შორის აბონენტების ინვესტიციებიც. როცა ლაპარაკია რეგულაციებზე, არასწორად დამონტაჟებული ან სახიფათო ხელსაწყოს მხოლოდ ჩახსნა კი არა, აბონენტისთვის გაზმომარაგების საერთოდ შეწყვეტაა აუცილებელი. ამ ბოლო ტრაგიკული შემთხვევის დროს კი რა მოხდა? ხელსაწყო შეამოწმეს, ჩახსნეს და აბონენტს დაუტოვეს. იმ მოწყობილობის ამოღება და განადგურებაა საჭირო. უნდა აიკრძალოს ბაზარზე ღია წვის ხელსაწყოების გაყიდვაც.
ჩვენი გაზგამანაწილებელი სისტემა საკმაოდ რთულია. ჩვენს ქვეყანაზე დიდი მაგისტრალური გაზსადენი გადის, ვქმნით გაზსაცავს, ამიტომ აუცილებელია მმართველად გამოცდილი ოპერატორის მოწვევა. ეს იქნება გამოსავალი. ასეთ შემთხვევაში სწორად დაიგეგმება საინვესტიციო სამუშაოები, დაინერგება ახალი ტექნოლოგიები, რასაც ჩვენი ყველა მეზობელი ქვეყანა აკეთებს. ალბათ, მოგვიწევს ცოტა მეტის გადახდა, მაგრამ უსაფრთხოება და ადამიანის სიცოცხლე ყველაზე დიდი ღირებულებაა.
- როცა ამბობთ, რომ აუცილებელია გამოცდილი მმართველი, რამდენად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ვინ არის კომპანიის მფლობელი? დღეს "ყაზტრანსგაზის" ახალი მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული "ვოლტბეია". აქვს მნიშვნელობა, ვინ ფლობს გაზგამანაწილებელ კომპანიას?
- ბუნებრივია, აქვს. ერთ-ერთ კომპანიაში, რომლის ტექნიკური დირექტორი ვიყავი, მოთხოვნაც იყო, რომ ოფშორიდან გამოსულიყო ინვესტორი კომპანია. მისი ვინაობა ყველასთვის ცნობილი იყო, ის ბრიტანულ ბიზნესს წარმოადგენდა. მეტი გამჭვირვალობისთვის ასეთი მიდგომა, ალბათ, მართებულია, მაგრამ მფლობელის გარდა, ოპერატორი აუცილებლად მაღალკვალიფიციური კომპანია უნდა იყოს. მეტიც, ასეთმა კომპანიამ ადგილობრივი კადრებიც უნდა გადაამზადოს, რადგან არაკვალიფიციურობის პრობლემა უკვე ყველა დონეს მოედო.
ამდენი ავარია მოხდა, ეს ხომ არ არის პირველი წელიწადი, როცა გაზის გაჟონვით ადამიანები გვეღუპებიან - 1 კუბმეტრი ბუნებრივი გაზი განსაზღვრულ პირობებში შესაძლოა რამდენიმე კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტი იყოს! ამიტომ იმ 466 000 აბონენტის ყველა გაზქურაც შესამოწმებელია. ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ, გაზქურის მუშაობის ვადა 10-12 წელია, მე კი ვიცი ქურები, რომლებიც 30 წელიც კი მუშაობს. სტატისტიკით, გაჟონვებისა და ავარიების დაახლოებით 90% აბონენტების შიდა ქსელებზე მოდის და მხოლოდ დანარჩენი 10% - გაზგაყვანილობებსა და მილსადენებზე. აქედან გამომდინარე, შიდა ქსელების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა, ხარვეზების გამოსწორება, დეტექტორების არსებობა მიგვიყვანს ავარიების ალბათობის შემცირებამდე. შემოწმება სჭირდება იმ დეტექტორებსაც, რომელთაც მოსახლეობა ყიდულობს და აყენებს, აგრეთვე იმ აპარატურასაც, რომელიც გაზის კომპანიებში აქვთ და რომლითაც გაზის გაჟონვის ადგილებს ამოწმებენ.
აუცილებელია პედანტური, სისტემური მუშაობა. საშიშ, საფრთხის შემცველ მაღალი წნევის სისტემებთან გვაქვს საქმე როგორც გაზის ტრანსპორტირებაში, ისე გამანაწილებელ ქსელში. თითქმის მთელი საქართველო გაზის ქსელით არის დაფარული.
წყარო: „კვირის პალიტრა"