„466 ათასი აბონენტის ყველა გაზქურა შესამოწმებელია“

„ამდენი ავარია მოხდა, ეს ხომ არ არის პირველი წელიწადი, როცა გაზის გაჟონვით­ ადამიანები გვეღუპებიან - 1 კუბმეტრი ბუნებრივი გაზი განსაზღვრულ პირობებში­ შესაძლოა რამდენიმე კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტი იყოს“.

ამის შესახებ ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა დავით მირცხულავამ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა.

„ამიტომ იმ 466 000 აბონენტის ყველა გაზქურაც შესამოწმებელია. ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ, გაზქურის მუშაობის ვადა 10-12 წელია, მე კი ვიცი ქურები, რომლებიც 30 წელიც კი მუშაობს. სტატისტიკით, გაჟონვებისა და ავარიების დაახლოებით 90% აბონენტების შიდა ქსელებზე მოდის და მხოლოდ დანარჩენი 10% - გაზგაყვანილობებსა და მილსადენებზე. აქედან გამომდინარე, შიდა ქსელების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა, ხარვეზების გამოსწორება, დეტექტორების არსებობა მიგვიყვანს ავარიების ალბათობის შემცირებამდე. შემოწმება სჭირდება იმ დეტექტორებსაც, რომელთაც მოსახლეობა ყიდულობს და აყენებს, აგრეთვე იმ აპარატურასაც, რომელიც გაზის კომპანიებში აქვთ და რომლითაც გაზის გაჟონვის ადგილებს ამოწმებენ. აუცილებელია პედანტური, სისტემური მუშაობა. საშიშ, საფრთხის შემცველ მაღალი წნევის სისტემებთან გვაქვს საქმე როგორც გაზის ტრანსპორტირებაში, ისე გამანაწილებელ ქსელში. თითქმის მთელი საქართველო გაზის ქსელით არის დაფარული,“-აცხადებს მირცხულავა „კვირის პალიტრასთან“.

მისივე თქმით, როცა რეგულაციებზეა ლაპარაკი, არასწორად დამონტაჟებული ან სახიფათო ხელსაწყოს მხოლოდ ჩახსნა კი არა, აბონენტისთვის გაზმომარაგების საერთოდ შეწყვეტაა აუცილებელი. ამასთან, მირცხულავას თქმით, საერთოდ, ბაზარზე ღია წვის ხელსაწყოების გაყიდვაც უნდა აიკრძალოს.

თაია არდოტელი