8-9 თებერვალს ჟენევაში შედგება პირველი სამმხრივი - ქართულ-რუსულ-შვეიცარიული შეხვედრა, სადაც განიხილება კონკრეტული დეტალები, თუ 1-ლი მარტიდან როგორ გააკონტროლებენ ტვირთბრუნვას შვეიცარიელი მებაჟეები საქართველოს სამ დერეფანზე, მათ შორის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გავლით.
როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ჟენევის შეხვედრამდე კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგორი კარასინი ერევანს ესტუმრა, სადაც მკაფიოდ განაცხადა, რომ ამ შეთანხმების ამოქმედება იძლევა კიდევ ერთ სატრანზიტო კორიდორის გახსნის შესაძლებლობას სომხური ტვირთისთვის.
მან ისიც აღნიშნა, რომ ეს მარტივად მისაღწევი არ იქნება, რადგან ტრანზიტი „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდან" უნდა მოხდეს და „სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური სტატუსი" რიგი ქვეყნებისთვის, უპირველესად კი საქართველოსთვის, პრობლემაა. თუმცა ერევანში პირობა დადო, რომ მოსკოვი იბრძოლებს ამ სატრანზიტო გზის გასახსნელად.
კარასინის თქმით, თავისი მოთხოვნები აქვს თბილისსაც და „სამხრეთ ოსეთსაც".
თებერვალში ჟენევის შეხვედრაზე რუსეთსა და საქართველოს შორის „საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების შესახებ" 2011 წლის შეთანხმების რეალიზების მექანიზმები უნდა განიხილონ. შეთანხმება ითვალისწინებს სამ დერეფანზე შვეიცარიული კომპანია „ეს-ჯი-ესის" მიერ ტვირთბრუნვის მონიტორინგს.
თუ კიდევ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, შვეიცარიელი მებაჟეები 1-ლი მარტიდან დაიწყებენ კონტროლს სამ დერეფანზე. ერთია – აფხაზეთის მონაკვეთი და მებაჟეები დადგებიან ფსოუსა და ენგურის ხიდებთან; მეორეა - ცხინვალის რეგიონის მიმართულება და მებაჟეები დადგებიან როკის გვირაბთან და გორში; მესამე მონაკვეთია ლარსის გამშვები პუნქტი.
ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ოკუპირებული ცხინვალის გავლით სატრანზიტო გზის გახსნას რუსული და სომხური ტვირთისთვის, თუმცა ასეთ შესაძლებლობას არ გამორიცხავს და წლებია, ერევანი თბილისისგან ამ გზის გახსნას ითხოვს. სომხეთს რუსეთთან სავაჭროდ საქართველოს გავლით მხოლოდ ზემო ლარსის სატრანზიტო გზა აქვს, რომელიც დიდთოვლობის გამო ზამთრაში პრობლემებს ქმნის და ერევნისთვის ალტერნატიული გზა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
რუსი პოლიტოლოგი ალექსეი მუხინი აცხადებს, რომ ამჯერად კარასინის გამოსვლის ტონი ბევრად თავდაჯერებული იყო, ხოლო „მოსკოვი პოსტსაბჭოთა სივრცეში პასიური როლის თამაშს წყვეტს და რიგი პრობლემების ფორსირებულ რეჟიმში გადაჭრის რეჟიმზე გადადის".
ექსპერტის აზრით, არც ისაა შემთხვევითი, რომ, წინა განცხადებებისგან განსხვავებით, ამჯერად კარასინისგან მოვისმინეთ ტრანზიტის კონკრეტული განსაზღვრება - „დერეფანი სომხური ტვირთისთვის", რაც შემთხვევითი არ ყოფილა.
მისი თქმით, როცა სომხეთში ვითარდება პოლიტიკური პროცესები, რაც მოსკოვის შეშფოთებას იწვევს, კრემლი ეძებს ახალ-ახალ გზებს, რომ სომხეთი თავის ორბიტაზე შეინარჩუნოს. როკის გვირაბის მიმართულებით ახალი სატრანზიტო გზა კი სომხეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
თუმცა ცხინვალში აცხადებენ, რომ ეს ის თემა არ არის, რომელთან დაკავშირებითაც მოსკოვის პოზიციას ჩვეულებისამებრ უსიტყვოდ გაითვალისწინებენ. დე ფაქტო ხელისუფლებას აქვს პირობა, რომ „ტრანზიტში თანასწორუფლებიანი მონაწილეობა ჰქონდეს", რასაც თბილისი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
ცხინვალში ამბობენ, რომ „თანაბარი პარტნიორობა" სინამდვილეში კომპრომისია, რადგან აქ არ არის „სამხრეთ ოსეთის აღიარების" მოთხოვნა, რომელიც იყო ადრე და მხოლოდ თანასწორობის საკითხია, ამაზე მეტი დათმობა კი გამორიცხულია.
ოსური მედია წერს, რომ ამ ფონზე აშკარაა, ძალიან დროულად გაისმა როკის გვირაბთან დამატებით ზვავსაწინააღმდეგო 4-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობის საჭიროებაზე საუბარი. ამასთან, მოსკოვიდან დაპირებაც მიიღეს, რომ ტრანსკავკასიური გზის უმაღლეს დონეზე რეკონსტრუქციაც მოხდება და იმედი აქვთ, რომ ახალ სატრანზიტო პროცესში ჩართვით მოიგებენ, რაც ცხინვალს საკუთარ რეგიონულ მნიშვნელობაზე საუბრის შესაძლებლობას მისცემს.
განიხილება თუ არა ცხინვალის გავლით ალტერნატიული სატრანზიტო გზის გახსნა, ოფიციალური თბილისი ამ საკითხზე დუმს. საქართველოს ხელისუფლება არც შუამავალი შვეიცარიული მხარის კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის შინაარსს ასაჯაროებს. დიდი ალბათობით, საკითხს სიცხადე 8-9 თებერვლისთვის ჟენევაში დაგეგმილ პირველ სამმხრივ შეხვედრაზე მოეფინება.
„სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე „მთელ კვირასთან" საუბარში აცხადებს, რომ არ ესმის, როგორ უნდა მოხდეს როკის გვირაბიდან სომხური ტვირთის გატარება, რადგან ამ მიმართულებით ბევრი კითხვაა.
მისი თქმით, თუ რაღაც კატასტროფა მოხდება ლარსის გზაზე, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, დათანხმდეს ქართული მხარე როკის გვირაბიდან ტვირთის დროებით გატარებას, რათა სომხებს ჰუმანიტარული პრობლემა არ შეექმნათ.
„სხვა მხრივ ეს ამბავი გამორიცხულია, ასე ვფიქრობ. ოსებს ეს დროებითი ტრანზიტი ვერანაირ ქულებს ვერ მისცემს. მათი მოლოდინი უსაფუძვლოა. ჯერ ერთი, არ ვიცი, რას გულისხმობენ ოსები „ტრანზიტში თანასწორუფლებიან მონაწილეობაში". რა უნდა იყოს, სომხებს ტრანზიტის თანხას გამოართმევენ? ეს გამორიცხულია იმიტომ, რომ პროდუქტი ძვირდება და ტრანზიტს აზრი ეკარგება. თანაც, სამხრეთ ოსეთი ოფიციალურად საქართველოს ტერიტორიაა და სომხებს ოსებთან პირდაპირი მოლაპარაკება ვერ ექნებათ.
„ოსები უზრუნველყოფენ გზის ისეთ მდგომარეობას, რომ გამტარიანობა იყოს? ვერ გააკეთებენ ამას იმიტომ, რომ ჩრდილოეთ ოსეთის მხარეს მუდმივად ზვავია და ახლაც 8 დღის განმავლობაში ვერ გაწმინდა გზა სამხრეთ ოსეთმა, რამაც ლამის შიმშილი გამოიწვია ცხინვლაში. ეს ყველაფერი პოლიტიკური თამაშია.
„რაც შეეხება ქართულ მხარეს, განსაზღვრულია საბაჟო სისტემის შექმნა გორის რაიონში? მე მგონი - არა. თუ არა, მაშინ როგორ უნდა გაატარონ სომხური ტვირთი? ბევრი კითხვაა, რომლებზეც პასუხი ნორმალურ სამუშაო რეჟიმში არ არის. ნორმალური სამუშაო რეჟიმი არ არსებობს. რა მოხდება, რთული საკითხია", - ამბობს არეშიძე.
ეკატერინე ბასილია
გაზეთი „რეზონანსი"