იანვარში თამბაქოს ნაწარმი 12,5 პროცენტით გაძვირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, 2019 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1,3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,2 პროცენტი შეადგინა.
„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3,2 პროცენტიანი მატება, რაც 0,98 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (15,8 პროცენტი), ხილი და ყურძენი (5,8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (4,7 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1,4 პროცენტი), ასევე თევზეული (1,4 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 5,8 პროცენტით, რაც 0,39 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (12,5 პროცენტი),“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.