Telegraph-ი საქართველოს 2019 წლის 10 აუცილებლად სანახავ ქვეყნებს შორის ასახელებს

ბრიტანული გამოცემა Telegraph-ი 2019 წელს 10 აუცილებლად სანახავ ქვეყნების სიას აქვეყნებს, სადაც საქართველოც შევიდა.

გამოცემა საქართველოს შეფასებისას ასეთ კითხვას სვამს - რატომ არ სტუმრობს დედამიწის ერთ-ერთ მშვენიერ ადგილს უფრო მეტი ადამიანი?

„საქართველოში იხილავთ - დალოცვილ მთებსა და მონასტრებს, შეხვდებით სტუმართმოყვარე ადგილობრივებს“,- წერია სტატიაში.

ამასთან, გამოცემა საქართველოს ღვინის დაბადების ადგილადაც იხსენიებს და აღნიშნავს, რომ გასულ წელს საქართველომ 8 მილიონზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა. სტატიაში წერია, რომ ლუტონიდან ქუთაისის მიმართულებით 2019 წელს უფრო მეტი ტურისტი ნახავს თოვლით დაფარულ მწვერვალებს, ვენახებს და ლამაზ ქალაქებს.

სიაში ასევე შევიდა უკრაინაც. როგორც გამოცემა წერს, ქვეყნის დედაქალაქ კიევში ტურისტს საშუალება ექნება ინახულოს ოქროსგუმბათოვანი ეკლესიები, ძველი ქალაქი და მუზეუმები. აღმოსავლეთ უკრაინაში კი მდებარეობს „იუნესკოს“ სიაში შესული ლვოვი, რომელიც ცნობილია თავისი ყავის სახლებით, ძველი ტრამვაით და საბჭოთა ეპოქისთვის დამახასიათებელი არქიტექტურით.

Telegraph-ის სიაში მოხვდა უზბეკეთიც. გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უზბეკეთში უვიზოდ მოგზაურობა 45 ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია. ქალაქები - ხივა, ბუხარა და სამარყანდანი აღდგენილია, სადაც ნახავთ ბრწყინვალე გუმბათებს, ულამაზეს მთებს და შეხვდებით სტუმართმოყვარე ადგილობრივებს.

გარდა ამისა, Telegraph-ის რეიტინგში მოხვდნენ ერიტრეა, პენსილვანიის შტატში მდებარე ქალაქი პიცბურგი, ბულგარეთის სიდიდით მეორე და უძველესი ქალაქი პლოვდივი, ფარერის კუნძულები, ლიხტენშტეინი, საუნივერსიტეტო ქალაქი რუმინეთში კლაუჯ-ნეპოკა, აზორის კუნძულები პორტუგალიაში.

ლიკა ამირაშვილი