ტურიზმის ადმინისტრაციას მარიამ ქვრივიშვილი უხელმძღვანელებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა.

ქვრივიშვილი კომპანია "ვოიაჟერის" დირექტორი იყო, რომელიც საქართველოში ხუთი ავიაკომპანიის გენერალური დისტრიბუტორია. მასვე წინა მთავრობის პერიოდში ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტი ეკავა. შეგახსენებთ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე გასული წლის მიწურულს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელად გადაიყვანეს.