ავტომფლობელების სავალდებულო დაზღვევა სავარაუდოდ, 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება - რა მოცულობის ზარალის ანაზღაურება მოუწევთ სადაზღვევოებს

მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა სავარაუდოდ, 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება. კანონპროექტით, რომელიც ბიუროს სხდომაზე დღეს გავიდა, განსაზღვრულია კონკრეტული ლიმიტები ანუ რა შემთხვევაში რა მოცულობის ზარალს აანაზღაურებს კერძო სადაზღვევო კომპანია.

სავალდებულო დაზღვევის პოლისის მოქმედების პერიოდში თითოეული დაზარალებულის ჯანმრთელობისათვის, ქმედობაუნარიანობისათვის ან სიცოცხლისათვის მიყენებული ზიანისთვის სადაზღვევო ლიმიტის ოდენობაა 30 000 ლარი, ხოლო თითოეული სადაზღვევო შემთხვევისთვის სადაზღვევო ანაზღაურების ჯამური ლიმიტი − 300 000 ლარია.

კანონპროექტის თანახმად, ჯანმრთელობის დაზიანების გამო სამედიცინო მომსახურების გაწევისათვის გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა 15 000 ლარს შეადგენს. ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ან გარდაცვალების გამო გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა 30 000 ლარია.

დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანი ანაზღაურდება 100%-ით, დაზარალებულის ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის შემთხვევაში კი 30-დან 100%-მდე.

ცნობისათვის, საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებული იქნება, მის მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა დააზღვიოს. შესაბამისი ცვლილებები „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

ცვლილებების თანახმად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევით, მზღვეველი ვალდებულებას იღებს, მატერიალური ზიანი აანაზღაუროს, რომლის გადახდა ეკისრება მფლობელს ან მძღოლს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას და მისი მონაწილეობით დაზარალებულის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისთვის მიყენებულ ზიანზე.

კანონპროექტის მე-5 მუხლი ადგენს წლიური დაზღვევის მინიმალურ და მაქსიმალურ ფასებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით.

კერძოდ;

ა) მოტოციკლისთვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75.00 – 110.00 ლარი;

ბ) მსუბუქი ავტომობილისთვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს არ აღემატება – 100.00 – 150.00 ლარი;

გ) ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება –160.00 – 240.00ლარი;

დ) სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება–210.00-310.00ლარი;

ე) მისაბმელისათვის – 50.00-75.00 ლარი;

ვ) სასოფლო-სამეურნეო მანქანისთვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისთვის – 60.00-90.00 ლარი.

ქრისტინე გამთენაძე