Tesla-მ ელემენტების წარმოებისთვის Maxwell -ი იყიდა

ელექტრომობილების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ Tesla-მ კალიფორნიული კომპანია Maxwell Technologies-ი შეიძინა, რომელიც თავის მხრივ, დაკავებულია სხვადასხვა ტიპის აკუმულატორების წარმოებით.შენაძენი კომპანიას 200 მილიონი დოლარი დაუჯდა და შეთანხმების დასრულება მიმდინარე წლის მეორე კვარტალში უნდა მოხდეს.

შეთანხმების შესახებ ინფორმაციამ უკვე გამოიწვია Maxwell Technologies-ის აქციების ფასის ზრდა 4,58 დოლარამდე თითო აქციაზე. ამასთან, იანვარში Maxwell-მა გამოაცხადა, რომ მიაღწია სერიოზულ გარღვევას ელემენტების წარმოების ტექნოლოგიაში და რომ ამიერიდან მათ ელემენტებს შეუძლიათ იმუშაონ უფრო მაღალი ტემპერატურის პირობებში და ორჯერ უფრო მეტხანს, ვიდრე კონკურენტების პროდუქციას.

შეთანხმების შესახებ თავის მხრივ Tesla-მაც გამოაცხადა, რომლისთვისაც ელემენტების ექსკლუზიური მიმწოდებელია იაპონური კომპანია Panasonic-ი. როგორც ცნობილია, ნოემბერში ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია თავად დაიწყებდა საჭირო აკუმულატორების წარმოებას.

კომპანია Maxwell Technologies 1965 წელს დაარსდა, მისი შტაბი სან-დიეგოში მდებარეობს, 1983 წელს მოხდა მისი გატანა NASDAQ-ის ბირჟაზე. ამ დროისთვის კომპანიაში 380 თანამშრომელია დასაქმებული. კომპანიამ გასული წლის პირველ 9 თვეში 91 მილიონის შემოსავალი მიიღო. ის თანამშრომლობს ისეთ ავტომწარმოებლებთან როგორიცაა Geely/Volvo, General Motors, Lamborghini და Peugeot Citroën Groupe.

კოკა კვირკველია