საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობის დატოვების შემდეგ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან გააფორმა ხელშეკრულება.
EBRD-ის საერთაშორისო მრჩევლის პოსტზე კვირიკაშვილის შემოსავალმა გასული წლის 6 სექტემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში 29 888 ევრო შეადგინა. ამასთან, მანვე გასულ წელს პრემიერის პოსტზე 1-ლი იანვრიდან 13 ივნისის პერიოდში 23 882,87 ლარის შემოსავალი მიიღო. ეს ინფორმაცია გიორგი კვირიკაშვილის მიერ მიმდინარე წლის 31 იანვარს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ როგორ შეიცვალა ყოფილი პრემიერის ქონებრივი მდგომარეობა პოსტის დატოვების შემდეგ. მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გიორგი კვირიკაშვილის უძრავ-მოძრავი ქონება არ შეცვლილა. კერძოდ, პრემიერი კვლავ ფლობს, 217,31 კვ. მეტრის საცხოვრებელ სახლსა და 34 კვ. მეტრი ფართობის ბინას თბილისში; ასევე 433 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს დედაქალაქში და დუშეთში მდებარე 243,8 კვ. მეტრის აგარაკსა და 3 475 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, საბანკო ანგარიშზე 4 991,98 ლარი და სხვადასხვა ბანკში 3 677,52 დოლარის, 8 999,82 ლარის, 5 000 ევროსა და 8 435,47 დოლარის საკრედიტო ჰქონდა.
გიორგი კვირიკაშვილი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. დეკლარაციის თანახმად, ყოფილი პრემიერის მეუღლეს საბანკო ანგარიშზე დეკლარაციის შევსების მომენტში 302,84 ლარი ჰქონდა. რაც შეეხება შვილებს, მისი უფროსმა შვილმა 2018 წელს შეიძინა "საქართველოს ბანკის" აქციები. მასვე საბანკო ანგარიშზე 1 875,95 ლარი ჰქონდა. ამასთან, ის მუშაობდა გასულ წელს „საქართველოს ბანკში“ სხვადასხვა პოზიციაზე. კერძოდ, მისი შემოსავალი ბანკის საინვესტიციო ოფიცრად მუშაობისას იანვარ-მარტში 73 262,66 ლარი; უფროსი საინვესტიციო ოფიცრის პოზიციაზე - 1-ლი აპრილიდან 14 მაისის პერიოდში 8 454,55 ლარი; სს „საქართველოს კაპიტალის“ უფროსი საინვესტიციო ოფიცრის პოზიციაზე 15 მაისიდან 31 აგვისტოს პერიოდში 10 500 ლარი; ხოლო სექტემბერ-დეკემბერში სს „m2 უძრავი ქონების“ დირექტორის მოადგილის პოსტზე ბიზნესის განვითარების მიმართულებით - 24 000 ლარი იყო.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება 2018 წლის 13 ივნისს გააკეთა. ის პრემიერობამდე, 2012 წლის ოქტომბრიდან ჯერ ეკონომიკის და მერე საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. პარალელურად იყო ასევე ვიცე-პრემიერიც. 2015 წლის 30 დეკემბრიდან კი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა.