ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური პროგრამების ფარგლებში, იანვრის თვეში 143 165 ლარის დაფინანსება გასცა. ამის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან იუწყებიან.
ბორჯომის მერის ლევან ლიპარტიას თქმით, აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა თანადგომა გაუწია 449 ბენეფიციარს. მისი განმარტებით, იანვრის თვეში ყველაზე მეტი დაფინანსება 101 235 ლარით 153 მოქალაქის სტაციონარულ მომსახურებას მოხმარდა, მედიკამენტების შესაძენად კი 103 ბენეფიციარი 14 480 ლარით დაფინანსდა.
„მერიაში 17 სოციალური დახმარების პროგრამა მოქმედებს. სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების გარდა მერია ყოლველთვიურად დახმარებებს გასცემს 4 და მეტ შვილიან ოჯახებზე, 18 წლამდე ასაკის შშმ პირებზე, დედ-მამით ობოლ ბავშვებზე, ფულადი საჩუქარი გადაეცემათ ასევე ახალდაქორწინებულ წყვილებს და ახალშობილის შეძენის დროს. ფულად თანხას გასცემს მუნიციპალიტეტი სხვადასხვა დღესასწაულთან დაკავშირებითაც.
ბორჯომში მოქმედი სოციალური პროგრამები ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სპეციალურად მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათვის შეიქმნა და ითვალისწინებს მერიამ დახმარება გაუწიოს, როგორც სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, ასევე მუნიციპალიტეტის ნებისმიერ მცხოვრებს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის მოქალაქეთა მდგომარეობის გაუმჯობესება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც ამ პროგრამების მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმატებით განხორციელებაც ადასტურებს,” - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.