2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედებულმა საბაკო რეგულაციებმა, რომლის მიხედვითაც მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასების გარეშე, სესხის გაცემა შეიზღუდა, სამშენებლო სექტორი უკვე მნიშვნელოვნად დააზარალა. კერძოდ, როგორც დეველოპერების ნაწილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ერთი თვის განმავლობაში მათი გაყიდვები 50%-მდე შემცირდა, ნაწილის შემთხვევაში კი საერთოდ შეჩერდა. მათივე თქმით, ასეთ პირობებში ბიზნესი განვითარებას წყვეტს და იძულებულია, მომავალში მასშტაბური პროექტების განხორციელებისგან თავი შეიკავოს.
ცნობისთვის, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს ეროვნული ბანკის დებულება - „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ“, რომლის მიხედვითაც სესხის გამცემ ყველა ორგანიზაციას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასება დაევალა. დებულების მიხედვით, სუბიექტი ფიზიკურ პირზე იმაზე მეტ სესხს ვეღარ გასცემს, რისი გადახდის რეალური შესაძლებლობაც მოქალაქეს არ ექნება. ამასთან, დებულებით დგინდება, თუ რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტიპის სესხი. მაგალითად, იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად 15 წელი განისაზღვრა.
დეველოპერები „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ცალსახად ვერ ამბობენ, რომ რეგულაციები საჭირო არ იყო, თუმცა აღნიშნავენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები ბიზნესთან შეთანხმებით უნდა ხდებოდეს, რათა შედეგები ნაკლებად მტკივნეული იყოს და ამასთან, სექტორის განვითარებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად არ გადაიქცეს.
„საბანკო რეგულაციები ნამდვილად აისახა ბიზნესზე და გაყიდვები 50%-ით შემცირდა. ამ სფეროში რამდენად საჭირო იყო საბანკო რეგულაციები, არ ვიცი. თუ მოქალაქე 30%-ს წინასწარ ვერ გადაიხდიდა, ისედაც ვერ ყიდულობდა ბინას“,- აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას დეველოპერული კომპანია ბინადარის აღმასრულებელი დირექტორი გოგა ტალახაძე.
რეგულაციების შედეგად გაყიდვების შემცირებაზე საუბრობს კომპანია ივერიონის დამფუნებელიც. როგორც არჩილ ჯაყელი „ბიზნესპრესნიუსთან“ აღნიშნავს, სესხებზე წვდომა არა მხოლოდ მოქალაქეებს, არამედ თავად ბიზნესსაც შეეზღუდა, რამაც სექტორის განვითარება მნიშვნელოვნად შეაფერხა.
„გაყიდვები რამდენით შემცირდა, კონკრეტულ ციფრს ახლა ვერ გეუბნებით, მაგრამ აშკარად იგრძნობა, რომ ამ მიმართულებით პრობლემა არსებობს. გარდა ამისა, მომხმარებლებთან ერთად სესხის აღება ბიზნესისთვისაც გართულდა, რაც მის განვითარებას კიდევ უფრო აფერხებს.
მეორე მხრივ რომ შევხედოთ, როდესაც სესხს იღებს მოქალაქე, დებს სახლს, მერე ვერ იხდის და ამ სახლსაც კარგავს, ესეც თავისთავად პრობლემაა. რაც შეეხება დეველოპერებს, როდესაც სექტორში ისედაც ამდენი რეგულაციები მოქმედებს და ამას ემატება გაყიდვების შემცირებაც, ბიზნესის ვეღარ ვითარდება. ადრეც გითხარით, ამის შედეგად ბინებზე ფასები მოიმატებს. შეიძლება უახლოეს პერიოდში არა, მაგრამ ეს გარდაუვალია, რაც საბოლოო ჯამში, ისევ მომხმარებლებს და დეველოპერებს არ არგებს“,-აცხადებს არჩილ ჯაყელი.
„ივერიონის“ დამფუძნებელის თქმით, აღნიშნულ ვითარებაში დეველოპერულ კომპანიებს მასშტაბური პროექტებზე უარის თქმა და შედარებით ნაკლებად „რისკიანზე“ დაფიქრება უწევთ.
„ამ ეტაპზე ჩვენ უკვე განვითარების დიდი პერსპექტივებზე და მასშტაბურ პროექტებზე უარის თქმა გვიწევს. იძულებული ვართ, რაც გვაქვს იმ მინიმალურ პროექტებს მივხედოთ და მერე უკვე ისეთ პროექტებზე ვიფიქროთ, რასაც მოვერევით და დაზღვეულები ვიქნებით. იმიტომ, რომ დეველოპერულ სექტორზე სხვა ბიზნესია მიბმული, ამასთან, ათასობით ადამიანია დასაქმებული და როდესაც ვერ ვითარდები, მერე სხვა გამოწვევები დგება მარტო ჩვენი კი არა, მთლიანად ქვეყნის წინაშე. ამიტომ, ვფიქრობ, რეგულაციების მიღებისას ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. ნებისმიერი საკითხი ბიზნესთან უნდა იყოს შეთანხმებული, რათა ნაკლებად მტკივნეულად განხორციელდეს“,-აცხადებს არჩილ ჯაყელი.
დეველოპერულ კომპანია „მეგობრობაში“ აცხადებენ, რომ ახალმა რეგულაციებმა სამშენებლო ბიზნესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა და მეტიც, კონკრეტულად მათი კომპანიის შემთხვევაში ეს შედეგი კატასტროფულია, რადგან იანვრის თვიდან მოყოლებული კომპანიას არც ერთი ბინა გაყიდული არ აქვს.
„რეალურად, თუკი აქამდე დაინტერესებულ პირს გააჩნდა ბინის ღირებულების 30%, ბანკი მას შემოსავლების შესწავლისა და დადასტურების გარეშე თანხას აძლევდა, ახლა კი ეს პირობა ცალსახად მოხსნილია. ამ ეტაპზე აღნიშნული პირობით მხოლოდ ემიგრანტები სარგებლობენ, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი ბინის ღირებულების მინიმუმ 40% გააჩნიათ და ჰყავთ თავმდები პირი, სხვა შემთხვევაში სესხი არც მათზე აღარ გაიცემა. 1-ლი იანვრიდან ბინის შეძენით დაინტერესებულ პირებს მინიმუმ შემოსავლის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელიც უნდა ჰქონდეთ და ხელფასიდან აღებული თანხის 20% ყოველთვიურ გადასახადში უნდა ჰყოფნიდეთ.
ვერ ვიტყვით, რომ კომპანია „მეგობრობას“ დაინტერესებული ადამიანების რიცხვი მოაკლდა, თუმცა ფაქტია, რომ ამ პირობების გამო, რეალურად ბინას ვეღარავინ ყიდულობს. მიუხედავად იმისა, რომ მომავალ მობინადრეებს მეტწილად გარკვეული თანხა ხელზე აქვთ, ახალი რეგულაციების გამო ბინის შეძენას მაინც ვერ ახერხებენ. ასე თუ გაგრძელდა, სამშენებლო ბიზნესი ჩაძირვის საშიშროების წინაშე დადგება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში უამრავი ადამიანი უმუშევარი დარჩება, ხოლო დეველოპერები გაკოტრდებიან“,- აცხადებს კომპანია „მეგობრობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე სარიშვილი.