ციფრული ვალუტების უდიდესი კანადური გამცვლელი პლატფორმის, „კვადრიგას“ მფლობელის მოულოდნელი სიკვდილის გამო, პლატფორმაზე არსებული მილიონობით დოლარის ღირებულების ციფრული ვალუტები მიუწვდომელი გახდა.
30 წლის ჯერალდ კოტენი დეკემბერში გარდაიცვალა. ის ერთადერთი პირი იყო, ვისაც პლატფორმაზე არსებულ ციფრული ვალუტების რეზერვებზე მიუწვდებოდა ხელი. მათი ღირებულება 180 მილიონ კანადურ დოლარს (დაახლოებით 137 მილიონ ამერიკულ დოლარს) აღწევს.
კოტენის ქვრივი ჯენიფერ რობერტსონი სასამართლოში წარდგენილ საბუთებში წერს, რომ კომპანიის ბიზნესი ციფრულ ფორმატში, ქმრის ლეპტოპშია შენახული, თავად კი არც მისი პაროლი იცის და არც აღსადგენი კოდი. ის ამბობს, რომ ბევრი ძებნის მიუხედავად, ვერც პაროლს მიაგნო და ვერც აღსადგენ კოდს.
კომპანიამ სპეციალისტი დაიქირავა იმისათვის, რომ საჭირო ინფორმაციისთვის მიეგნო, მაგრამ ამაოდ. მან მხოლოდ რამდენიმე ერთეული ციფრული მონეტის გამოტანა შეძლო. ვერც კოტენის ტელეფონსა და კომპიუტერში შენახული ინფორმაციის გახსნა მოხერხდა.
კომპანია ასევე იკვლევს, ციფრული ვალუტების ნაწილი, სხვა გამცვლელ პლატფორმებზე ხომ არაა შენახული. „კვადრიგას“ ინფორმაციით, მის პლატფორმაზე, დაახლოებით 115 ათასი მომხმარებელი ფლობს ციფრული ვალუტების ანგარიშს. მათი ჯამური ღირებულება 250 მილიონ კანადურ დოლარს აღწევს. თუმცა ამ ვალუტების დიდი ნაწილი, ეგრეთ წოდებულ „ცივ საფულეში“, ან „ცივ საცავში“ არის გადატანილი, რომელიც ქსელში არაა განლაგებული, რათა დაცული იყოს ჰაკერული შეტევისგან.
სასამართლოში არსებული საბუთების შესაბამისად, ჯერალდ კოტენი ინდოეთში მოგზაურობისას, კრონის დაავადებით გარდაიცვალა. კომპანია „კვადრიგა“ კვლავაც ცდილობს „ცივ საცავში“ შენახული ციფრული ვალუტების გამოტანას.