ქართული მოცვი ევროპის ბაზარზე სახმელეთო გზით შევა - როდიდან დაიწყებენ კომპანიები ექსპორტს

მოცვის მწარმოებელი ოთხი ქართული კომპანია, შპს „მოცვი“, შპს „ქართული მოცვი“ , შპს „ლურჯი ველი“ და შპს „ჯეობერი“, მიმდინარე წელს ევროპულ ბაზარზე გასვლას გეგმავს.

შპს „მოცვის“ დამფუძნებლის ზვიად მირიანაშილის თქმით, ევროპულ ბაზარზე მოცვის მიწოდება ივნისში, მას შემდეგ დაიწყება, რაც პროდუქცია Global GAP-ის საერთაშორისო სერთიფიკატს მიიღებს. East fruit-ის ინფორმციით, ამჟამად კომპანია დაკავებულია პარტნიორების შერჩევისა და წარმოების განვითარების პროცესით.

ოთხივე კომპანიის პლანტაციები ოზურგეთის რაიონში 20 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული.

რაც შეეხება ევროპულ ბაზარზე გასვლას, კომპანიები პროდუქციის ექსპორტს სატვირთო ავტომობილებით გეგმავენ.

„ამ ეტაპზე სახმელეთო ტრანსპორტი საუკეთესო ვარიანტია. პროდუქციის ექსპორტი რუსეთშიც სატვირთო მანქანებით განვახორციელეთ. რა თქმა უნდა, საჰაერო ტრანსპორტი გაცილებით მოსახერხებელია, თუმცა საქართველოში ამ ეტაპზე არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მსგავსი პროდუქციის ტრანსპორტირება ხდება ჩვეულებრივი სამგზავრო თვითმფრინავით. გარდა ამისა, ერთ რეისზე მხოლოდ 1,5 ტონა პროდუქციის ტრანსპორტირებაა შესაძლებელი. ამასთან, არ არსებობს ტერმინალები, სადაც პროდუქციას შესაბამისი პირობების დაცვით დროებით შეინახავ. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი ძალიან ძვირი ჯდება და ამასთან, შესაძლოა, პროდუქცია დაზიანდეს და შესაბამისი ხარისხი დაკარგოს“- აღნიშნა ზვიად მირიანაშვილმა.

ნინი ქეთელაური