ვარშავაში პოლონეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმი გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლონეთში საქართველოს საელჩოსა და კომპანია IBC Corporation Solution-ის ორგანიზებით, ვარშავაში რიგით მეორე პოლონეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ქართულმა კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს.
ფორუმის პირველ პანელში მონაწილეობდნენ პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია დარჩიაშვილი, პოლონეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ანდჟეი არენდარსკი, ინვესტიციებისა და ვაჭრობის სააგენტოს პრეზიდენტი ქშიშტოფ სენგერი და პოლონეთ-საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი სტანისლავ რაჟნევსკი.
ფორუმზე საქართველოს ელჩმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველო-პოლონეთის ორმხრივი ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების შესახებ ისაუბრა. ილია დარჩიაშვილმა ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე და მიმდინარე საერთაშორისო პროექტებზე.
პოლონურ-ქართული ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში 100-ზე მეტმა ქართული და პოლონური კომპანია მონაწილეობდა.
ღონისძიებას, რომელიც ჰუალინგის ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მხარდაჭერით გაიმართა,150-მდე სტუმარიდაესწრო. მათ შორის, პოლონეთის მთავრობის, ბიზნეს წრეების, კერძო სექტორის, პოლონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლები.