შს სამინისტრო მართვის უფლების მქონე პირთა ფსიქიკური დაავადების შესახებ ინფორმაციაზე წვდომას ითხოვს.
ამის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული.
როგორც პროექტშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის სხვადასხვა წყაროდან (მაგ.: საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან) მართვის უფლების ან/და იარაღის შეძენის/შენახვის/ტარების მქონე პირის ფსიქიკური ავადმყოფობის შესახებ, ხდება ცნობილი.
აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას, როგორც მართვის უფლების, ასევე იარაღის ნებართვის ქონისთვის. შესაბამისად, შსს მომსახურების სააგენტო იწყებს ადმინისტრაციულ წარმოებას ფაქტის შესწავლის მიზნით, თუმცა, ფსიქიატრიული დაწესებულებები პაციენტების შესახებ ინფორმაციას არ გასცემენ.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მიზანშეწონილია სააგენტოს მიენიჭოს ზემოაღნიშნული პირების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის უფლება. ცვლილების მიზანია სააგენტოს მიეცეს უფლება ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია იმ მართვის უფლების ან/და იარაღის შეძენა/შენახვა/ტარების უფლების მქონე პირების შესახებ, რომელთა ფსიქიკური დაავადების შესახებაც სააგენტოსთვის სხვადასხვა წყაროებიდან ხდება ცნობილი,“-აღნიშნულია პროექტში.
შს სამინისტროს ცნობით, კანონპროექტის მიღება სახელმწიფო ბიუჯეტიდან აუცილებელი ხარჯების გამოყოფას არ გამოიწვევს.