„ბოინგი“ 737-ის წარმოებას გაზრდის

„ბოინგი“ თავისი ყველაზე გაყიდვადი სამგზავრო ლაინერის, 737-ის წარმოების გაზრდას აპირებს. „როიტერსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ივნისის პირველივე კვირიდან, წარმოება თვეში ხუთი ლაინერით გაიზრდება. ამერიკულ კომპანიას იმედი აქვს, რომ ამგვარად გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას შეძლებს.

ამჟამად მსოფლიო ლიდერი თვეში 52 ერთეულ 737-ს აწარმოებს.

თუმცა თვითმფრინავების წარმოებისას მხოლოდ აწყობა არ ნიშნავს წარმოების ზრდას. ყველა ლაინერს სავალდებულო სატესტო ფრენების შესრულება უწევს, სანამ მას შემკვეთს ჩააბარებენ.

საინტერესოა, რომ კონკურენტი „ეარბასი“ კვირაში 60 ერთეულ A320-ს აწარმოებს, რომელიც მისი ყველაზე გაყიდვადი თვითმფრინავია. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული კომპანიის ქარხანას ზაფხულში ხანგრძლივი არდადეგები აქვს, ორივე კომპანიის წარმოების მოცულობა პრაქტიკულად თანაბარია.

მოდელ 737-ს „ბოინგისთვის“ ყველაზე მეტი მოგება აქვს და კომპანია იმედოვნებს, რომ წარმოების გაზრდით მოგებაც მოიმატებს. ლაინერის ფასი 85.8-დან 129.9 მილიონ დოლარამდე მერყეობს. ფასი სალონის მოწყობაზე და ფიუზელაჟის ტიპზეა დამოკიდებული. წარმოების ზრდით კომპანია მოგების მარჟასაც გაზრდის, რადგან მეტი მაკომპლექტებლის შეკვეთის გამო, თითოეული მათგანი უფრო იაფი დაუჯდება.

„ბოინგის“ მთავარ აღმასრულებელ დენის მილენბურგის თქმით, წარმოების შეფერხების მთავარი მიზეზი, ძრავების მოწოდების შეფერხებაა.

ამერიკულ კომპანიას 737-ის ძრავებს, ფრანგულ-ამერიკული „CFM ინტერნეიშენლი“ აწვდის. პრობლემები შექმნა „სპირიტ აეროსპეისმაც“, რომელიც 737-ის სტრუქტურის 70 პროცენტს აწარმოებს. თუმცა ამერიკულმა კომპანიამ ორივე პარტნიორთან პრობლემები მოაგვარა, რაც წარმოების გაზრდის საშუალებას მისცემს.

ამასთან, მილენბურგის თქმით, 737-ის გარდა, „ბოინგი“ ასევე „787 დრიმლაინერის“ წარმოებასაც გაზრდის (თვეში 14-მდე). ოღონდ, ეს მეორე კვარტალში მოხდება.