თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქალაქის სხვადასხვა პლატფორმაზე პოზიციონირება კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერის განცხდებით, ამ თემაზე საუბარი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთანაც შედგა.
„მინდა შევეხო მნიშვნელოვან საკითხს, ამაზე პრემიერ-მინისტრთანაც მქონდა საუბარი. ეს არის თბილისის პოზიციონირება სხვადასხვა პლატფორმაზე, რომ ჩვენ ტურისტებს ავუხსნათ, თუ რამდენად ლამაზია ჩვენი ქალაქი, რამდენად მომხიბვლელია, რამდენად საინტერესოა ტურისტული თვალსაზრისით. მინდა მერიის ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელს ანდრია ბასილაიას დავავალო, რომ ეს სამსახური ამ მიმართულებით გავააქტიუროთ და ყველა რესურსი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენი დედაქალაქის მაქსიმალური პოზიციონირება ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს - რამდენად ლამაზია ჩვენი ქალაქი, ჩვენი კულტურა, რითაც ვამაყობთ თითოეული ჩვენგანი, ჩვენი სტუმარ-მასპინძლობა, ბევრი ღირსშესანიშნავი თემები გვაქვს, რომლის წამოწევა მნიშვნელოვანია და ამ თვალსაზრისით მაქსიმალურად უნდა ვიაქტიუროთ, რომ ჩვენი ქალაქი წარმოვაჩინოთ, როგორც საუკეთესო დედაქალაქი, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში. რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ დედაქალაქში, მეტი თანხები დაიხარჯოს, რა თქმა უნდა, ეს თანხები ბიუჯეტში მიდის და შემდეგ ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა პროექტითა და მიმართულებით მოვახმაროთ ჩვენს ქალაქს“, - განაცხადა კახა კალაძემ.