თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს გადის საკითხი, რომლის თანახმად, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 17 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცემა.
მისივე თქმით, იმ პირების შერჩევა, ვისაც აღნიშნული ფართები გადაეცემა, მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით ხდება.
„ასევე, იცით ჩვენი დამოკიდებულება კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებთან დაკავშირებით. უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. დღეს მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს საკითხი, რომლითაც 17 ოჯახს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცემა საცხოვრებელი ფართები, რომელიც ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარეობს. ზოგადად, შერჩევა ხდება სოციალურად დაუცველის სტატუსის მიხედვით: ვინც ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია და სოციალურად ყველაზე მეტად უჭირს, პირველ რიგში, ამ ოჯახებისა და ადამიანების დაკმაყოფილება ხდება და კიდევ ერთხელ მინდა, მათ მივულოცო“, - განაცხადა თბილისის მერმა.